ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის შიგნით უთანხმოებაა, განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას, ეს კარგია, რათა მოვახერხოთ საბოლოოდ საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება
რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ეს ყველაფერი კარგია, რათა ჩვენ მოვახერხოთ საბოლოოდ საზოგადოებისა და ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც 4 ოქტომბერთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პოზიციას შეეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი, საბოლოო ჯამში, ქვეყანას დაამშვიდებს და ამას ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს შეუწყობს.
„რადიკალური ოპოზიციის შიგნით არის უთანხმოება, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ გზავნილებს უზიარებენ საზოგადოებას. ეს ყველაფერი კარგია იმისთვის, რომ ჩვენ მოვახერხოთ საბოლოოდ საზოგადოების დამშვიდება, ქვეყნის დამშვიდება, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ეს არის ის სწორი პროცესი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მიგვიყვანს ქვეყნის დამშვიდებამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამას მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „საარჩევნო ბოიკოტის შემდეგ, 4 ოქტომბერს რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება იყო ყველაზე დიდი საჩუქარი „ოცნებისთვის“, რომელმაც თავისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის დაენახებინა, ალტერნატივა რა არის“. ამასთან, გახარიამ აღნიშნა: „მოქალაქეებს ეუბნები, რომ 4 ოქტომბერი უნდა იყოს მშვიდობიანი დამხობის დღე და რევოლუციის რესურსი არ გაქვს, შემდეგ დააბრალებენ ხალხს, არასაკმარისი გამოვიდა, ჩვენ რა ვქნათო“. გიორგი გახარია ამბობს, რომ „4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის, თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და „ოცნების“ ლეგიტიმაცია იყო“.