ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, სანქციების მოხსნის თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, სანქციების მოხსნის თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ

რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, სანქციების მოხსნის თემა გამოიყენოს კამპანიისთვის, რომელსაც კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ აწარმოებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნასთან დაკავშირებით სპეკულაციები გაგრძელდება.

„მახსოვს, თავის დროზე, როდესაც რუსეთმა საქართველო ამოიღო მტრული სახელმწიფოების სიიდან, ამასაც მოჰყვა რადიკალების აღშფოთება. სინამდვილეში, ეს იყო იმის გამოხატულება, რომ საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას აქვს თავისი შედეგი და შედეგი არის ის, რომ საქართველოში დღეს ჩვენ არ გვაქვს მეორე ფრონტი, რაც ასე ძალიან უნდა რადიკალურ ოპოზიციას. ეს არის სინამდვილეში ამ ყველაფრის შინაარსი და შედეგი. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ საკითხებს, მათ შორის ევროკავშირში ინტეგრაციას, უკვე წამოვიდა სპეკულაციები. ეს სპეკულაციები გაგრძელდება და მეტიც, პირდაპირ შემიძლია, გითხრათ და ალბათ ამის მტკიცებულებებს ნახავთ ხვალ-ზეგ, რომ რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ეცდება, გამოიყენოს ეს თემა იმ კამპანიისთვის, რომელსაც აწარმოებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. არავითარი კავშირში არ არის. ჩვენ დსთ-ს წევრი არ გავმხდარვართ დღეს. რუსეთის მხრიდან იყო სასჯელი დაწესებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სასჯელი მოიხსნა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.