ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აქვს გათვლა, თუ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ, რადიკალებს ვერ მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციას აქვს გათვლა, თუ საქართველო არ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ეს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოიყენონ, რადიკალებს ვერ მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას

რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს აქტიურ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ისინი ვერც მალავენ, რომ აქვთ ასეთი გათვლა, როდესაც არ მიიღებს საქართველო კანდიდატის სტატუსს ამ წლის დეკემბერში, უნდა გამოიყენონ ეს ფაქტი ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია სწორედ ამის გამო აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, თუმცა ყველა შემთხვევაში მათი გეგმები წარუმატებლობისთვის არის განწირული.

„ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის შესაძლებლობას. დაველოდოთ დეკემბერს. ჩვენ მაინც გვაქვს იმედი, რომ იქნება დადებითი გადაწყვეტილება, სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული, განსხვავებით შარშანდელი წლისგან. ყოველ შემთხვევაში, ასეც და ისეც, ოპოზიციის ეს გეგმები, რა თქმა უნდა, განწირულია სრული ფიასკოსთვის.

პროცესების ქუჩაში გადატანას ეცდებიან, ამისთვის ამზადებენ ისინი აქტივს, მათ შორის მოლოტოვის კოქტეილებით, აგრესიული ქმედებებისთვის, ეს არის მათი გეგმები და ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ. ბევრი ინფორმაცია გავრცელდა საზოგადოებისათვის. ეს არის მათი გეგმები და ამისათვის ისინი ემზადებიან. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და როგორც წინა შემთხვევებში არ მიეცა არავის ქვეყნის არევის საშუალება, ასევე იქნება ეს მიმდინარე წელსაც და მომდევნო წლებშიც. ჩვენ რადიკალებს, რა თქმა უნდა, ვერ მივცემთ ქვეყნის არევის საშუალებას“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, როგორია კანდიდატის სტატუსზე მოლოდინები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება და შანსები არის 50/50-ზე.

„ეს რომ იყოს გარკვეულ მტკიცებულებებზე, ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, ტექნიკური თავისი არსით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა 100-პროცენტიანი გარანტია იმისა, რომ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. თუმცა, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, შესაბამისად, შანსები არის 50/50-ზე. ბევრ ფაქტორზე იქნება ეს ყველაფერი დამოკიდებული, მათ შორის რეგიონში, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. ვნახოთ, როგორი იქნება ვითარება იმ დროისთვის, დეკემბრისთვის და ამის მიხედვით მიიღებს ალბათ ევროპული საბჭო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.