ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაც წერია და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძე - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაც წერია და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რაც წერია და რასაც ამბობენ ენჯეოები, პრაქტიკულად, ერთი და იგივეა, აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშზე, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

„მე ანგარიშის გაცნობა ვერ მოვახერხე, თუმცა ვნახე რამდენიმე სათაური. რა თქმა უნდა, ყურადღებით გავეცნობით ანგარიშს და სადაც იქნება ობიექტურ არგუმენტებზე დაფუძნებული კრიტიკა, მხედველობაში მივიღებთ. შეიძლება, იყოს ისეთი კრიტიკა, რომელიც არ ეფუძნება ობიექტურ გარემოებებს. ამაზეც გვექნება შესაბამისი რეაქცია. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, რომ კონკრეტული ორგანიზაციები არიან უცხოური გავლების აგენტები, შესაბამისად, აქ ერთ სუბიექტთან გვაქვს საქმე, რაც წერია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში და რასაც ამბობენ ენჯეოები, ეს პრაქტიკულად ერთი და იგივეა. აქედან გამომდინარე, გამიჯვნა შეუძლებელია ამ ორ, ასე ვთქვათ, ორი მიმართულებით განცხადებებს შორის, ეს არის ჩვენი ზოგადი დამოკიდებულება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენთვის მთავარია, როდესაც გარკვეული კრიტიკული შენიშვნები გვესმის, ობიექტურ გარემოებებზე იყოს დაფუძნებული. ობიექტური კრიტიკა თუ იქნება, რა თქმა უნდა, მხედველობაში მივიღებთ და ყველანაირად ვეცდებით, აისახოს ეს ყველაფერი ჩვენს ქმედებებზე. კრიტიკა ობიექტური თუ არ იქნება, ამაზე სათანადო რეაქცია გვექნება. რეაქციაში იგულისხმება ის, რომ პასუხს გავცემთ ყველა შეესაბამის განცხადებას“, – განაცხადა კობახიძემ.