ირაკლი კობახიძე - რაც უფრო დიდხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უკეთესი იქნება, რომ კონსტრუქციულად წარიმართოს დისკუსიები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის
ირაკლი კობახიძე - რაც უფრო დიდხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უკეთესი იქნება, რომ კონსტრუქციულად წარიმართოს დისკუსიები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის

ვერც პარლამენტში და ვერც ქუჩაში ვერაფერს აკეთებენ. ახლა გაჭედილი არიან პარლამენტსა და ქუჩას შორის, სად არიან, თავადაც არ იციან. ხაბეიშვილი-ჩალაძის ტანდემი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს. ამ ტანდემმა სადამდე შეიძლება, მიიყვანოს ეს პარტია, თავად განსაჯეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება.

„თავის დროზე, როცა წარიმართებოდა „ნაცმოძრაობის“ დასუსტების პროცესი, ამაში დიდი წვლილი შეიტანა მელიამ, ახლა ამ საქმეს აგრძელებენ ხაბეიშვილი, ჩალაძე, კეზერაშვილი, რაც კარგია. რაც უფრო მეტად დასუსტდება „ნაცმოძრაობა“, მით უკეთესი იქნება. ჩვენზე ამას ნული გავლენა აქვს. რაც უფრო დიდხანს არ შემოვა რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში, მით უკეთესი იქნება იმისთვის, რომ პარლამენტში კონსტრუქციულად წარიმართოს დისკუსიები მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის. ახლა იდეალური მდგომარეობა გვაქვს, პარლამენტში რაც უფრო დიდი ხანი არ შემოვლენ, მით უკეთესი იქნება პარლამენტის ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.