ირაკლი კობახიძე – რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებით, არის იმ კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში
რაც ხდება შავ ზღვასთან დაკავშირებით და ამ კუთხით საქართველოსთან მიმართებით, ეს არის აბსოლუტურად კომიკური მდგომარეობის ამსახველი, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, წერილობით მიმართეს მათ ქართულ მხარეს 2024 წლის ივნისში და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან.
„რაც შეეხება პოლიტიკურ დიალოგს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, თუ ვინ შეაჩერა პოლიტიკური დიალოგი 2024 წლის ივნისში. წერილობით მიმართეს ქართულ მხარეს და განაცხადეს, რომ შეაჩერეს პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან. ამას წინ უძღოდა რევოლუციის არაერთი მცდელობა. 2022 წლის ივნისში პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები რევოლუციის მცდელობაში; შემდეგ 2023 წლის გაზაფხული – აქაც პირდაპირ იყვნენ ჩართული ევროპული ბიუროკრატიის მიერ დაფინანსებული NGO-ები და ორგანიზაციები ამ მცდელობაში; შემდეგ ეს იყო 2024 წლის გაზაფხული, 2024 წლის ბოლო და ბოლოს – 2025 წლის შემოდგომა, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა იმ აქციას, რომლის სათაური იყო „დამხობა“.
აი, ეს არის რეალური მიზეზები, რატომაც პოლიტიკური დიალოგი არის შეჩერებული და თან საინტერესო ის არის, რომ მიზეზი მათ შექმნეს და პოლიტიკური დიალოგიც მათ შეაჩერეს 2024 წლის ივნისში. ამას ხედავს საზოგადოება და სწორედ ამის გამოა, რომ ქართული საზოგადოებისთვის ევროპული ბიუროკრატიის ამ სამარცხვინო თამაშებს არავითარი ფასი არ აქვს. ქართველი ხალხი ხედავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს სწორედ ხალხის ინტერესების შესაბამისად და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად“, – აღნიშნა პრემიერმა.