ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა 
ირაკლი კობახიძე - ქვეყანაში რომ იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა 

იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი live“-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადამიანი თუ არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, სახელმწიფოს არ აქვს გარანტია, რომ იმავე დანაშაულს იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს.

„აქ მთავარი პრობლემა რა არის, რომ ამ ადამიანებმა, ე.წ. პოლიტიკურმა ლიდერებმა, აქტივისტებმა, NGO აქტივისტებმა ამ ახალგაზრდებს, ძირითადად ახალგაზრდები არიან, ჩაადენინეს კონკრეტული დანაშაული, ჩართეს ძალადობრივ, რევოლუციურ პროცესებში.  შესაბამისად, მათ სიტყვებს ახლა არავითარი ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ თვითონ არიან პასუხისმგებელნი იმაზე, რომ ახალგაზრდები ჩართეს, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა შეუგნებლად მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ფაქტია, რომ ჩართეს დანაშაულებრივ ქმედებებში კონკრეტული ადამიანები, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს. ჩვენ რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება, იმავე ამნისტიასთან, შეწყალებასთან, ასეთ მოვლენებთან დაკავშირებით და ვთქვით ერთი რამ, რომ ვიდრე რამეზე დაიწყება საუბარი, უნდა ვიხილოთ მონანიება და უნდა ვიხილოთ აღიარება და შესაბამისი მიმართვა, თხოვნა. ეს არის აუცილებელი რისთვის, ჩვენთვის ხომ არ არის ეს თვითმიზანი, რომ ვიღაცამ ბოდიში მოიხადოს, ვიღაცამ აღიაროს, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს სახელმწიფოს.

რეალურად, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს უზრუნველყოფილი სახელმწიფოებრიობის დაცვა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი სამართლის უზენაესობა და სამართლის უზენაესობა ამას გვეუბნება, რომ კი, შეიძლება ვიღაცამ ჩაიდინოს დანაშაული და მერე შეიძლება ეს ეპატიოს, მაგრამ ამის წინაპირობა სამართლებრივ სახელმწიფოში, ბუნებრივია, უნდა იყოს აღიარება და მონანიება. შენ თუ არ აღიარებ ჩადენილ დანაშაულს, რა გარანტია აქვს სახელმწიფოს, რომ იმავე დანაშაულს იგივე პირი ხელმეორედ არ ჩაიდენს? შესაბამისად, აქ ძალიან პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. გახსოვთ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულები ჩადენილ იქნა ასევე მრავლად 2023 წელს, 2024 წელს ერთხელ, 2024 წელს მეორედ. პირველ შემთხვევაში ერთი პირი იყო დაპატიმრებული, მეორე შემთხვევაში – 6 პირი და ამან წამახალისებელი ეფექტი იქონია, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ. საბოლოო ჯამში, ბოლო შემთხვევაშიც 500-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული დანაშალებრივ ქმედებებში და დაპატიმრებულია მხოლოდ 30, მაგრამ ამან უკვე მოგვცა ჩვენ პრევენციული ეფექტი. შემდეგ 4 ოქტომბრის მოვლენებმა და მასზე სახელმწიფოს რეაგირებამაც მოგვცა პრევენციული ეფექტი. თუ ამას არ გავაკეთებთ, ხომ არ შეიძლება – 4 წელიწადში გვქონდა რევოლუციის 5 მცდელობა, საიდანაც 4 იყო ძალადობრივი – ხომ არ შეიძლება, მუდმივად ამ რეჟიმში ვაცხოვროთ ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ეს არის სუფთა პრაგმატული საკითხი. ვიდრე არ არის აღიარება, ვიდრე არ არის მონანიება, მანამდე საუბრის დაწყებაც შეუძლებელია შეწყალებასთან თუ ამნისტიასთან დაკავშირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა უნდა გადახედონ საკუთარ პოზიციას და თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.