ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პირობებში რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია, ფაქტებს თუ შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება
ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „ქართული ოცნების“ პირობებში რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია. საუბარია ეკონომიკურ, ტერიტორიულ ან/და პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ეს გახლავთ ფაქტები. ფაქტებს თუ შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრულ პოლიტიკურ იუთუბარხთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ამჟამინდელი ოპოზიციის მმართველობის პერიოდში რუსეთმა შეძლო ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული ექსპანსია საქართველოში.
„ეს არის ე.წ. ლიბერალების ჩვეული ფრაზეოლოგია. თუ პროქართული ხარ, დაგაბრალებენ, რომ პრორუსი ხარ; თუ პროამერიკული ხარ, დაგაბრალებენ, რომ პრორუსი ხარ; თუ პროუნგრული ხარ, დაგაბრალებენ, რომ პრორუსი ხარ. ეს არის ძალიან ჩვეული ამბავი დასავლეთში და ასეთი ფრაზეოლოგია გამოიყენება ყველა იმ პირის მისამართით, ვინც ცდილობს ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვას. ჩვენ პროქართული ვართ! ამავდროულად, რა თქმა უნდა, ვართ პროევროპული, რადგან მთავარი მიზანი არის ევროკავშირის წევრობა. სასაცილოა, როდესაც 2012 წლამდე ხელისუფლებაში მყოფი ახლანდელი ოპოზიცია ამბობს, რომ ჩვენ ვართ პრორუსები; არადა, სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოახერხა საქართველოში თავისი ინტერესების არსებითი გაფართოება რუსეთმა. საუბარი მაქვს ეკონომიკურ ინტერესებზე, რადგან მათ რუსებს – რუსულ კომპანიებს – მიჰყიდეს მრავალი ობიექტი, რაც ქვეყნის სტრატეგიულ ეკონომიკურ აქტივს წარმოადგენდა. ახლა ჩვენ გვაბრალებენ პრორუსობას. მათივე მმართველობის პერიოდში შეძლო რუსეთმა ტერიტორიული, პოლიტიკური გაფართოება საქართველოში. მათ შეძლეს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და ეს სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ და როდესაც სააკაშვილმა ომი დაიწყო 2008 წელს; მაშინ მოხდა ასევე ამ ორი ისტორიული რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ. ამდენად, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ანუ ამჟამინდელი ოპოზიციის მმართველობის პერიოდში, რუსეთმა შეძლო ეკონომიკური, პოლიტიკური და ტერიტორიული ექსპანსია საქართველოში. ფაქტი ფაქტად რჩება; ეს არის მათი მმართველობის შედეგი. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, „ქართული ოცნების“ პირობებში რუსეთის ექსპანსიის მაჩვენებელი ნულია. საუბარია ეკონომიკურ, ტერიტორიულ ან/და პოლიტიკურ ექსპანსიაზე. ეს გახლავთ ფაქტები. თუ ფაქტებს შევადარებთ, რუსული საქმის გამკეთებელი იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ! ხელისუფლებაში ყოფნისას ქართულ საქმეს ვაკეთებთ და ასეთია ჩვენი ხედვა. პირველ ყოვლისა, პროქართული უნდა ვიყოთ და ჩვენივე ეროვნული ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა პრემიერმა.