ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში ვითარების არსებითად გაუმჯობესება იყო, ამოცანა შესრულებულია
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში ვითარების არსებითად გაუმჯობესება იყო, ამოცანა შესრულებულია

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა სასამართლო სისტემაში ვითარების არსებითად გაუმჯობესება იყო და ეს ამოცანა დღეს შესრულებულია, თუმცა პრობლემები და გამოწვევები კვლავ რჩება.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია, სისტემა გამართულად ფუნქციონირებდეს და კონკრეტულ საქმეებზე კითხვის ნიშნები არ იყოს, ტენდენცია პოზიტიური იყოს.

„ამას გასული ექვსი წლის განმავლობაში ვაკვირდებით. გახსოვთ, 2012 წლამდე სასამართლო სისტემაში რა ვითარება იყო. ეს ორგანო იყო მთლიანად დაქვემდებარებული აღმასრულებელ ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს, კონკრეტულად იუსტიციის მინისტრს. ერთი კაცი მართავდა მთლიანად სისტემას და ამის შემდეგ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ტენდენცია. დღეს სასამართლო არის არსებითად დამოუკიდებელი, ეფექტიანად მუშაობს, რაც ასახულია შესაბამისს სტატისტიკაში. ჩვენთვის მთავარია, არა სახელები და გვარები, არამედ ის, რომ ადამიანის უფლებები დაცული იყოს და არავის არ შეეფარდოს სასჯელი უსამართლოდ და გადაწყდეს სამოქალაქო საქმეები, სწორად გადაწყდეს ადმინისტრაციული საქმეები და ამ თვალსაზრისით სტატისტიკაში რადიკალურად გაუმჯობესება გვაქვს. საუბარი არ არის მცირე პროგრესზე, საუბარია ფუნდამენტურ და რადიკალურად განსხვავებულ ტენდენციაზე. სტატისტიკის გარდა, სასამართლოსთან შეხება ადამიანებსაც აქვთ. ეს ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ სასამართლოში პროგრესია“, – განაცხადა კობახიძემ.

სპიკერის მოსაზრებით, კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე შეიძლება კონკრეტულ ადამიანებს გარკვეული მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ ყველას ახსოვს, 2012 წლამდე სისტემა როგორ იყო დისკრედიტებული და არ მუშაობდა.

„როცა სისტემა არასწორად მუშაობს, ეს აისახება პირდაპირ მოსამართლეთა კორპუსისა და კონკრეტული მოსამართლეების რეპუტაციაზე. ეს პრობლემა იყო, ეს არის მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ 2012 წელს გადმოვიბარეთ, თუმცა მაშინ კონკრეტული დილემა იდგა – ან უნდა მომხდარიყო, სისტემაში საკადრო წმენდა და ეს ყველაფერი 2004 წლიდან გვახსოვს, ან არსებული კორპუსის პირობებში სისტემა უნდა გაგვეჯანსაღებინა.

მეორე გზით წავიდეთ, რაც კომპრომისული გადაწყვეტილება იყო, თუმცა ამ კომპრომისს არავითარი ალტერნატივა არ ჰქონდა. ზუსტად ამ სწორი რაციონალური პრაგმატული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვახერხეთ, სასამართლო სისტემაში ფუნდამენტური წინსვლის მიღწევა, ეს დადასტურებულია იმ მონაცემებით, რაც წამოდგენილია სასამართლო სისტემაში. იცით, რომ ვიღაცებს იუსტიციის საბჭო და მისი შემადგენლობა არ მოსწონთ, თუმცა არის საბჭო, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს, რომ პროცესები სასამართლო სისტემაში წარმართოს. თქვენ თუ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კლანს უწოდებთ, შეგიძლიათ, უწოდოთ, მაგრამ არის საბჭო, რომელსაც პასუხისმგებლობა აქვს პროცესები მართოს სასამართლო სისტემაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.