ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება მუნიციპალიტეტის განვითარებას
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება მუნიციპალიტეტის განვითარებას

„ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს, „ქართული ოცნების“ მიერ რეგიონებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას.

„გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი – როგორც მერობის კანდიდატები, ასევე თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. დარწმუნებული ვართ, რომ ისინი დამაჯერებლად გაიმარჯვებენ ამ არჩევნებში. ისინი არიან საქმის პროფესიონალები, უყვართ თავიანთი ქალაქი, სოფლები, რაიონები და შესაბამისად, საუკეთესოდ გაუძღვებიან საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან. ლადო კახაძეს რაც შეეხება, მას ყველა კარგად იცნობს. მას წარდგენა რეალურად არ სჭირდება. დარწმუნებული ვართ, რომ ის გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, კანდიდატებთან დაკავშირებით, სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა.

„ეს კანდიდატები შეარჩია პარტიამ. კანდიდატებთან დაკავშირებით სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა. შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არის პარტიის საერთო გადაწყვეტილება, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, პარტიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.