ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს

„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს, კახა კალაძეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მთაწმინდის პარკში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კახა კალაძე ყველა საქმეში მაქსიმალურად წარმატებული იყო.

„ჩვენი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საზოგადოებას წარუდგენს თბილისის მერობის კანდიდატს, თბილისის მომავალ მერს. ჩვენი დღევანდელი წარდგენა არ იქნება სიურპრიზი, მაგრამ იქნება ნებისმიერ სიურპრიზზე უფრო სასიამოვნო საზოგადოებისთვის, თბილისელებისთვის, ჩვენი პარტიის წევრებისა და მხარდამჭერებისთვის. თბილისის მერობის კანდიდატად წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელიც იყო მაქსიმალურად წარმატებული ყველა საქმეში, რასაც კი დღემდე მოკიდა ხელი. რომელმაც ყველა წარმატებას მიაღწია ნიჭითა და შრომისმოყვარეობით, რომელიც არის გუნდური მოთამაშე, რომელსაც გამოარჩევს თანამებრძოლების, მეგობრებისა და საკუთარი გუნდის ერთგულება. რომელიც არის სამაგალითო მეოჯახე – სამაგალითო მეუღლე, სამაგალითო მამა, სამაგალითო შვილი, რომელსაც არ ეშინია თამამი გადაწყვეტილებების, რომელმაც ზუსტად იცის, რა ჭირდება თბილისს და თბილისელებს, რომელმაც შექმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია და ზუსტად იცის, როგორ უნდა შეიტანოს კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე, მეტი განვითარება თბილისის თითოეულ უბანში. „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად ასახელებს თბილისის ყველა დროის საუკეთესო მერს – კახა კალაძეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.