ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ მოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რაც ძალადობრივი გარემოს აღკვეთის საფუძველი გახდა, განსაკუთრებული ძალისხმევა გვექნება არჩევნების დღეს
ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნება“ მოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რაც ძალადობრივი გარემოს აღკვეთის საფუძველი გახდა, განსაკუთრებული ძალისხმევა გვექნება არჩევნების დღეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, წინასაარჩევნო პერიოდში რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა და ყველა შემთხვევაში პროვოკაციების ავტორები „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იყვნენ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოქმედებს მაღალი პასუხისმგებლობით, რაც ძალადობრივი გარემოს აღკვეთის საფუძველი გახდა.

„რაც შეეხება ძალადობრივ გარემოს, დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი. ერთი იყო მარნეულში, ერთი ბოლნისში, თუ არ ვცდები, ერთი დმანისში. დღემდე დაფიქსირდა სამი, თუ ოთხი ინციდენტი და ყველა შემთხვევაში ინციდენტები დაფიქსირდა ან „ქართული ოცნების“ ოფისთან ან „ქართული ოცნების“ ოფისში, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პროვოკაციების ავტორები ყოველთვის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები არიან.

რაც შეეხება ჩვენი აქტივისტების რეაქციას, ამასთან დაკავშირებით გვქონდა მკაცრი პასუხი, როგორც პარტიული ხაზით, ასევე თქვენ იცით, რომ სამართალდამცავი ორგანოები მყისიერად ჩაერიენ პროცესში, რამაც შესაძლებელი გახადა ინციდენტების პრევენცია. სწორედ ამის საფუძველზე, ამის წყალობით, უკვე რამდენი ხანია, თქვენ ხედავთ, რომ არც ერთი ინციდენტი აღარ დაფიქსირებულა. შესაბამისად, „ქართული ოცნება“ მოქმედებს ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით და სწორედ ეს გახდა ძალადობრივი გარემოს აღკვეთის ძალიან კარგი საფუძველი. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ძალისხმევა გვექნება ჩვენ არჩევნების დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი