ირაკლი კობახიძე – პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის, მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე, ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას
ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე კონკრეტული განაჩენია დამდგარი, დანარჩენი კი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე.
„მე ვნახე ეს განცხადება. არ ვიცი, რაზეა საუბარი. მე ვიცი ერთი რამ, რომ დამდგარია კონკრეტული განაჩენი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს მის განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადების შეფასება. ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის. მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ ეთიკური სტანდარტიდან გამომდინარე. ის ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას. შესაბამისად, არსებობს ეთიკური სტანდარტები, რაც მე მიზღუდავს ამ თემაზე განცხადების გაკეთების შესაძლებლობას“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, – „თქვენს ინტერესში არ შედის, რომ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის და მისი ოჯახის უსაფრთხოება დაცული იყოს?“ – კობახიძემ აღნიშნა:
„რა თქმა უნდა, დაცულია. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩემთვის გაუგებარი ეს განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა. როგორც მისი, ისე მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება არის დაცული. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და ამ შემთხვევაშიც უსაფრთხოება არის დაცული. რაზეც საუბარია ამ განცხადებაში, ასეთ თეორიულ რისკსაც ვერ ვხედავ. შეგიძლიათ, თეორიულად წარმოიდგინოთ, რა რისკზე შეიძლება იყოს საუბარი, აბსურდია. აქ ადრესატი იყო ბიძინა ივანიშვილი, ხელისუფლება, რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ვინმეს, რა თეორიული რისკი შეიძლება არსებობდეს? არავითარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გუშინ კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით საუბარი არ ჰქონიათ.
„კომუნიკაცია გუშინ გვქონდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. არ მახსოვს, წერილის გამოქვეყნების მერე იყო თუ მანამდე. ეს საკითხი ჩვენ არ განგვიხილავს. ამაზე არ გვიმსჯელია. ეს საკითხი არსებითად არ განგვიხილავს“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა: „დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“ და გამოაქვეყნა ტექსტი, რომელიც, მისივე თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ გაუგზავნეს.