ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული, უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული, უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება ჰქვია, ამას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით

პრეზიდენტის ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული, უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, აქედან გამომდინარე, მთავრობის უარი იყო არა მხოლოდ სამართლებრივად გამყარებული კონსტიტუციით, არამედ პოლიტიკურადაც იყო გამყარებული. ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პირდაპირ ადგენს საქართველოს კონსტიტუცია, რომ ხალხი სწორედ მთავრობას ირჩევს არაპირდაპირი ფორმით საგარეო პოლიტიკის წარმოების მიზნით, აქედან გამომდინარე, სწორედ მთავრობას ენიჭება პრიორიტეტი.

„მინდა, ასევე განვმარტო, რატომ გაჩნდა შესაბამისი ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წელს. თავის დროზე, გახსოვთ, იყო პრობლემური შემთხვევები, როდესაც პრეზიდენტი და პრემიერი ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ საკუთარ უფლებამოსილებებს და კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით. გახსოვთ, იყო ასეთი შემთხვევა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის დროს, როდესაც პრეზიდენტს სურდა, რომ ხელი მოეწერა ამ შეთანხმებაზე და მაშინ კონსტიტუცია არ იძლეოდა მკაფიო პასუხს ამ თემაზე. გარდა ამისა, იყო, მაგალითად, მოლდოვაში შემთხვევა, როდესაც მთავრობასა და პრეზიდენტს ჰქონდათ განსხვავებული საგარეო პოლიტიკური შეხედულებები. პრეზიდენტი მაშინ იყო პრორუსული ორიენტაციის, მთავრობა იყო პროდასავლური ორიენტაციის და პრეზიდენტი დოდონი ხშირად ესწრებოდა რუსეთში გამართულ ღონისძიებებს, რაზეც კონსტიტუცია არ აძლევდა მთავრობას რეაგირების საშუალებას. ევროპულ ქვეყნებშიც იყო არაერთი პრობლემური შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი და მთავრობა ერთმანეთში ვერ მიჯნავდნენ კომპეტენციებს. პოლონეთში იყო გახმაურებული შემთხვევა, კაჩინსკი და ტუსკი ერთმანეთში ვერ იყოფდნენ კომპეტენციას, ორივეს უნდოდა, მაგალითად, დასწრებოდა ევროკავშირის სამიტს და, საბოლოო ჯამში, დასრულდა იმით, რომ თვითმფრინავი არ გამოუყო პრემიერმა ქვეყნის პრეზიდენტს. ფინეთში იყო ასეთი პრობლემები, ავსტრიაში და გავრცელებული პრაქტიკაა, სადაც კონსტიტუცია მკაფიო პასუხს არ იძლევა კითხვაზე, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო ურთიერთობებში. იქ ჩნდება ეს პრობლემა, სადაც საპარლამენტო ან შერეული სისტემა მოქმედებს. სწორედ ამის გამო ჩაიწერა კონსტიტუციაში მკაფიოდ, თუ ვის ენიჭება უპირატესობა საგარეო პოლიტიკის წარმოების დროს“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთი კონსტიტუციური ორგანო, რომელიც აწარმოებს საგარეო პოლიტიკას, არის მთავრობა და, შესაბამისად, მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება, პრეზიდენტი ჩაერთოს საგარეო პოლიტიკური ამოცანების გადაჭრაში.

„სხვა შემთხვევაში პრეზიდენტი მოკლებულია ყოველგვარ შესაძლებლობას, რომ რაიმე როლი შეასრულოს საგარეო პოლიტიკის წარმოებაში. ეს არის ძალიან ლოგიკური ჩანაწერების ერთობლიობა, რომელიც მოცემულია საქართველოს კონსტიტუციაში. პირდაპირ ადგენს საქართველოს კონსტიტუცია, რომ ხალხი სწორედ მთავრობას ირჩევს არაპირდაპირი ფორმით საგარეო პოლიტიკის წარმოების მიზნით, არა – პრეზიდენტს, აქედან გამომდინარე, სწორედ მთავრობას ენიჭება პრიორიტეტი. კონსტიტუცია მკაფიოდ მიჯნავს ყველაფერს და ძალიან ცხადად წერია კონსტიტუციაში, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია, ჩაერთოს ამ ამოცანების შესრულებაში. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან მთავრობისა და პრეზიდენტის პოზიციები. მთავრობას მიაჩნია, რომ საქართველო შარშანაც იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და წელსაც იმსახურებს. პრეზიდენტს მიაჩნია, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და არც წელს იმსახურებს. პრაქტიკაში რომ შევხედოთ, თქვენ ახსენეთ ვიზიტები გერმანიასა და ბრიუსელში, რომელსაც მართავს პრეზიდენტი ზურაბიშვილი. როგორ ხდება პრაქტიკაში: შარლ მიშელის თანაშემწემ შარლ მიშელს დაუდო ფურცელი, სადაც არის მოყვანილი სალომე ზურაბიშვილის ციტატა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. ხომ დასვამს კითხვას მიშელი, ეს მართალია, რაც მან თქვა საქართველოს პარლამენტის შენობაში თუ არის ტყუილი? სალომე ზურაბიშვილი ვერ იტყვის, რომ საქართველოს პარლამენტში მოიტყუა იმისთვის, რომ, მაგალითად, გაემაგრებინა რადიკალური ოპოზიცია. მას მოუწევს თქვას, რომ საქართველო რეალურად არ ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს, შეასბამისად, არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. აქედან ხომ ჩანს, რომ პრეზიდენტის ვიზიტი არის კონტრპროდუქტიული, უპირისპირდება იმ ინტერესს, რასაც ჰქვია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. აქედან გამომდინარე, მთავრობის უარი იყო არა მხოლოდ სამართლებრივად გამყარებული კონსტიტუციით, არამედ პოლიტიკურადაც იყო გამყარებული. შესაბამისად, ამ ყველაფერს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებდით“, – განაცხადა კობახიძემ.