ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის განცხადება სასამართლოზე იყო სირცხვილი, პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო, ამაზე უნდა მივანიშნოთ, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტის განცხადება სასამართლოზე იყო სირცხვილი, პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო, ამაზე უნდა მივანიშნოთ, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი

სასამართლოსთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადება, მე მგონი, სირცხვილი იყო; ამას ძალიან პირდაპირ და თამამად ვამბობ, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს, როდესაც არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, რაც შეეხება სასამართლოს, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა.

„ამ არასწორი განცხადებით მან სცადა სასამართლო სისტემის ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა სინამდვილეში, დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე, როდის რა განცხადება გააკეთო.

„ოპოზიცია როდესაც აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია; მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს არის, ბუნებრივია, სერიოზული პრობლემა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან, რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. ეს არის ძალიან მარტივი პასუხი.

თუმცა ეს თავისთავად აღსანიშნიც შეიძლება, არ ყოფილიყო იმ ფონზე, როდესაც გუშინ პრეზიდენტმა პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია, როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე. ამ ფონზე, სასამართლოსთან დაკავშირებული არასწორი განცხადება არის არაფერი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა: „ეს განცხადებები არ არის იმპიჩმენტის საფუძველი. ეს არის არასწორი განცხადებები, მაგრამ არავითარი იმპიჩმენტის საფუძველი ამ განცხადებებში არ არის“, – განაცხადა კობახიძემ.

26 მაისის ღონისძიებაზე გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამართლიანი სასამართლო, რომელიც საქართველოში მრავალ საუკუნეს ითვლის და ეფუძნება ქართული სამართლის ძეგლებს. „ეს იქნება ანტიკური ხანის ჩვეულებითი სამართალი, მე-13 საუკუნის „წიგნი სამართლისა კაცთა შეცდომისა ყოველივე“, მე-14 საუკუნის მეფე გიორგი ბრწყინვალის სისხლის სამართალს თუ ვახტანგ VI-ის სამართლის ძეგლების უნიკალური კრებული. ქართული სამართლის ისტორია ბევრ ევროპულ ქვეყანას დაამშვენებდა და ცოტა არ იყოს სირცხვილია, რომ დღეს ამ მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.