ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევებით უპირისპირდებოდა ევროინტეგრაციის ინტერესს, ალიანსშია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, მათ არ სურთ, საქართველომ მიიღოს სტატუსი
ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევებით უპირისპირდებოდა ევროინტეგრაციის ინტერესს, ალიანსშია კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“, მათ არ სურთ, საქართველომ მიიღოს სტატუსი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა მმართველმა გუნდმა ერთხელ უკვე დატოვა რეაგირების გარეშე, თუმცა კონსტიტუციის დარღვევამ სისტემური ხასიათი მიიღო.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა ევროინტეგრაციის ინტერესს.

„ახლა იყო თუ არა იმპიჩმენტის დრო – ნახსენები იყო ბორელის განცხადებები და ასე შემდეგ. გახსოვთ, რომ ჩვენ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა ერთხელ უკვე დავტოვეთ რეაგირების გარეშე. შარშან, 2022 წელს მან ასევე დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ, აღვნიშნეთ, რომ ის არღვევდა უხეშად საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა მაშინ არ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ როდესაც ამ დარღვევამ მიიღო სისტემატური და სისტემური ხასიათი, ჩვენ სხვა გზა, ბუნებრივია, უბრალოდ აღარ დაგვრჩა. ასევე, მინდა შეგახსენოთ, პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს, არამედ უპირისპირდებოდა სწორედ ევროინტეგრაციის ინტერესს. დღეს ის არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“ და თქვენ იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა. მათ არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და სწორედ ამ სულისკვეთებით მოქმედებს საქართველოს პრეზიდენტი. სწორედ ეს იყო ის დრო, როდესაც უნდა მოგვეხდინა რეაგირება მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და კონსტიტუციური წესრიგის მიღმა გასვლის მცდელობაზე.

რაც შეეხება კომპეტენციების გამიჯვნას პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენო დისკუსიები, რომლებიც წარიმართებოდა. ეს იყო შიდა დისკუსიები, მე და ბატონ თენგიზ შარგელაშვილს გვქონდა დისკუსია, ბატონი თენგიზი ამტკიცებდა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს პირობითად ოროსანზე გათვლილი და მე ვამტკიცებდი, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს სამოსანზე გათვლილი. აღმოჩნდა, რომ მე არ ვიყავი მართალი. ოროსანზე გათვლილი კონსტიტუცია უნდა დაგვეწერა, თუმცა არ არსებობს კონსტიტუცია ოროსანი, სამოსანი, წაიკითხავს ისე, როგორც მას უნდა. თუ კეთილსინდისიერი არ ხარ, იურისტი თუ არაიურისტი, ნებისმიერ ტექსტს წაიკითხავ ისე, როგორც გინდა. ამ კაზუსის ამოხსნას არც სამოსნობა, არც ოროსნობა არ სჭირდებოდა, იურისტობაც კი არ სჭირდებოდა ამ კაზუსის ამოხსნას, თუმცა ვიღაცებმა მაინც მოახერხეს და აბსურდული მოსაზრებები გაახმოვანეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.