ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი ცდილობდა, შეექმნა კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა რისი გაკეთებაც პიროვნულად არ სურდა, თანამშრომლებს აკეთებინებდა
აუცილებლად უნდა გავიხსენო ის შეურაცხყოფები, რომელსაც აყენებდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კონკრეტულ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტის წევრებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ცდილობდა, შეექმნა თავისთვის კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა, რისი კეთებაც პიროვნულად არ სურდა, იმას თანამშრომლებს აკეთებინებდა.
„გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას სიტყვა არასდროს გაქცევია, თუმცა, რეალურად ვითარება აიყო აბსოლუტურად განსხვავებული. ის ცდილობდა, შეექმნა თავისთვის კორექტული ადამიანის იმიჯი, თუმცა, რისი კეთებაც მას არ სურდა პიროვნულად, ამას აკეთებინებდა თანამშრომლებს. ჩვენ გვახსოვს უმძიმესი შეურაცხყოფები პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან. ეს იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, საპარლამენტო მდივანი, მრჩევლები და ა.შ. ასეთი რამ ნამდვილად არ შეშვენის საქართველოს პრეზიდენტს და დარწმუნებული ვარ, ასეთი პრაქტიკა სამუდამოდ დასრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ ავირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს უკვე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს არჩევნები იყო მიზანმიმართული გაქრობა პოლიტიკური კლასის. მე კომენტარის გაკეთებაც არ მინდა ამაზე, უბრალოდ, მინდა კითხვა დავსვა, რა შეიძლება იგულისხმებოდეს 2016 წლის არჩევნებში პოლიტიკური კლასის მიზანმიმართულ გაქრობაში. მე პასუხი ნამდვილად არ მაქვს ამ კითხვაზე, იქნებ რაიმე განმარტება მოგვცეს საქართველოს პრეზიდენტმა. მეეჭვება, რომ რაიმე რაციონალური განმარტება ამ გამონათქვამს ჰქონდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.