ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი როცა აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა, შეიძლება, არავის მოუნდეს
პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი როცა აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ესეც არის ისტერიკის გაგრძელება.
„ამ ქალბატონს აქვს მძიმე ემოციური ფონი და, შესაბამისად, უკვე წითელ ხაზებს ვეღარ ინარჩუნებს, ეს ერთი; მეორე, რა თქმა უნდა, ეს არის საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევა. სისხლის სამართლის დანაშაულიც კი არის მოსამართლეზე ზეწოლა, ჩვენი კანონმდებლობის თანახმად. მოსამართლესთან უკანონო კომუნიკაციაც კი არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც პრეზიდენტად წოდებული ქალბატონი აანონსებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას, ეს პირდაპირი კრიმინალია. უბრალოდ, ამ ადამიანმა იცის, რომ 72 წლის ქალბატონის დაჭერა, შეიძლება, არავის მოუნდეს, ამიტომ ყველა წითელ ზღვარს გადადის, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, პირველ დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელი, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტა დაგვაბრუნებს კონსტიტუციურ ჩარჩოებში“.