ირაკლი კობახიძე - პრემიერი მოუსმენს თეა წულუკიანს და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება
პრემიერი მოუსმენს თეა წულუკიანს და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ ინფორმაციაზე.
„არ ვიცი, რაზეა საუბარი, მაგრამ ბუნებრივია, პრემიერი მოუსმენს მინისტრს და ამის საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება. ბუნებრივია გადაწყვეტილებაზე ისინი შეთანხმდებიან. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა დეტალებზეა საუბარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში გადასაწყვეტი საკითხია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება. მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა გუშინ იუსტიციის მინისტრმა. იუსტიციის მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც დისკუსია მიმდინარეობდა, არც შეწყალების კომისიას და არც სასჯელაღსრულების იუსტიციის სამინისტროსთან გაერთიანებას არ ეხება. მან აღნიშნა, რომ თუ დღეს შეთანხმება მიიღწევა, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი გაგრძელდება.