ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობისა და პარლამენტის წევრები
ირაკლი კობახიძე - პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობისა და პარლამენტის წევრები

პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობისა და პარლამენტის წევრები, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი სახეები, რომლებიც შეუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, პოლიტიკურ საბჭოში ყოფილიყვნენ წარდგენილი.

„რა თქმა უნდა, გამოყენებული იყო სხვადასხვა კრიტერიუმი. პირველ რიგში, პარტიის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები ბუნებრივია, არიან წარმოდგენილი პარტიის პოლიტსაბჭოში. მნიშვნელოვანი იყო ასევე ბალანსი მთავრობასა და პარლამენტს შორის. ხედავთ, რომ დაბალანსებულად არიან წარმოდგენილი მთავრობის წევრები, პრემიერი, მინისტრები და პარლამენტის წევრები პოლიტსაბჭოში. ასევე, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ ახალი სახეები, რომლებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო გუნდს, პოლიტიკურ საბჭოში ყოფილიყვნენ წარმოდგენილი. სწორედ ამ კრიტერიუმებით მივიღეთ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. პარტიის ყრილობაზე დღესვე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.