ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, აგრესიულ რიტორიკაზე მორატორიუმს სთავაზობს
ირაკლი კობახიძე ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად, აგრესიულ რიტორიკაზე მორატორიუმს სთავაზობს

მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით.

„შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად.

პირველი პუნქტი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. ეს პირველი პუნქტი უნდა განვიხილოთ, როგორც ერთგვარი საფუძველი დანარჩენი 11 პუნქტის ეფექტიანად შესასრულებლად. პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა, რომლის პირობებში პოლიტიკური დისკუსია ნაცვლად სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა საზოგადოებისთვის მეორეხარისხოვან თემებზეა გადატანილი, რომლებსაც სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის ვიწრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს. ამ მოცემულობის შესაცვლელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე.

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას ამ თვალსაზრისით, ანალოგიურად, ოპოზიციამ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოს იმგვარი რიტორიკისგან, რომელიც ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს. იგივე ეხება მედიასაც, რომელიც ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ამ პოლარიზებულ კამპანიაში უშუალოდ არის ჩართული“, – განაცხადა კობახიძემ.