ირაკლი კობახიძე - პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების, შეზღუდვების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა: 1000 მოსახლეზე ინფიცირებულთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით; 1000 მოსახლეზე გარდაცვლილთა ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტარი ირაკლი კობახიძე.
„ეს მაჩვენებლები რომ ყოფილიყო იტალიის, ესპანეთის, ბელგიის და მთელი რიგი სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსი, 3,7-მილიონიან საქართველოში „კოვიდით“ უკვე 1500-2000 ადამიანი იქნებოდა გარდაცვლილი. დღეს კი, საქართველოში სიკვდილიანობა ამ ქვეყნებზე 300-ჯერ და 400-ჯერ დაბალია.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ საქართველოში უკვე გადავარჩინეთ 2000-მდე ადამიანის – ასეულობით მოხუცისა და ათეულობით ახალგაზრდის სიცოცხლე.
ეს არის ჩვენი ექიმების, დაწესებული შეზღუდვებისა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა დროული და ეფექტიანი ზომების დამსახურება.
ამ ვითარებაში, პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, ტროლებისა და ბოტების მხრიდან ექიმების კრიტიკა, შეზღუდვების კრიტიკა და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა არის პოლიტიკური მოროდიორობა პანდემიის დროს“, – წერს ირაკლი კობახიძე „ფეისბუქში“.