ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას, ჩვენთან პრობლემა რადიკალიზმია, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე და რიგგარეშე არჩევნებზე
ირაკლი კობახიძე - პოლარიზაცია უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას, ჩვენთან პრობლემა რადიკალიზმია, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე და რიგგარეშე არჩევნებზე

პოლარიზაცია არის აბსოლუტურად თავს მოხვეული ტერმინი და ჩვენც ვიმეორებთ ამას, რადგან დამკვიდრდა, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„სინამდვილეში, პოლარიზაცია კი არ არის პრობლემა ჩვენ პოლიტიკურ სისტემაში?! პოლარიზაცია ბუნებრივად მოაქვს დემოკრატიას. იმიტომ, რომ არიან რადიკალურად განსხვავებული შეხედულებების მქონე პარტიები და მათ შორის, აგრესიული დაპირისპირება ჩვეულებრივი ამბავია ნებისმიერ ქვეყანაში. ყველაზე განვითარებული ქვეყნები რომ აიღოთ, შვედეთი, გერმანია და ა.შ, იქაც კი ძალიან მწვავეა მათ შორის, პოლიტიკური რიტორიკა პოლიტიკურ პარტიებს შორის. ანუ, თავისთავად პოლარიზაცია არ არის დემოკრატიაში პრობლემა. პირიქით, პოლარიზაცია არის დემოკრატიის ნაწილი. ზედმეტი არაფერი ვარგა, მაგრამ პოლარიზაცია უნდა ახასიათებდეს დემოკრატიას. ჩვენთან მთავარი პრობლემა არის რადიკალიზმი და რადიკალიზაციის მუდმივი მცდელობა, მუდმივი საუბარი რევოლუციაზე, რიგგარეშე არჩევნებზე, მათ შორის, არაეთიკური განცხადებების გაკეთება ამ თემებთან დაკავშირებით და ა.შ. ანუ, სინამდვილეში, ტერმინი პოლარიზაცია ფუთავს რადიკალიზმს და ფუთავს იმ სახით, რომ ჩვენც გვხდის ამის თანამონაწილედ“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ ვიღაცები რადიკალიზმის შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობდნენ, რათა პოლიტიკური სისტემა სტაბილურად განვითარდეს, ამბობენ, რომ ეს არის პოლარიზაცია და ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეც გადადის.

„სინამდვილეში, ჩვენ ვართ მოპასუხის როლში. „ქართული ოცნება“, როგორც მმართველი ძალა, ბუნებრივად არის დაინტერესებული, რომ არჩევნების მოგების შემდეგ ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა. ანუ, ბუნებრივი ინტერესია, აქ ქვეყნის ინტერესზეც არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ეს არის ქვეყნის ინტერესებში, რომ ოთხი წელი, საპარლამენტო არჩევნებიდან საპარლამენტო არჩევნებამდე პროცესები მშვიდად განვითარდეს, მაგრამ ეს არის ჩვენი სუბიექტური ინტერესიც, რომ იყოს სიმშვიდე და სტაბილური განვითარება. ვინც არასტაბილურობით, არეულობით და რადიკალიზმით არის დაინტერესებული, ეს არის რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ აღნიშნა, ტერმინი პოლარიზაცია იმისთვის მოიგონეს, რომ არასწორ ტრენდზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რადიკალურ ოპოზიციას არ დაეკისროს და ეს პასუხისმგებლობა მმართველ გუნდსაც დააკისრონ.

მისივე თქმით, რადიკალიზმის მთავარი წყარო არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალიზმს აქვს ერთი მთავარი მიზეზი.

„ეს პოლიტიკური ძალა არის საკუთარი დანაშაულების მძევალი. მათ იმდენი დანაშაული აქვთ ჩადენილი ქვეყნის და ხალხის წინაშე, რომ ვერ გამოდიან ამ ფსიქოლოგიური წნეხიდან და ამიტომ უწევთ ჩვენთან რადიკალური ფორმით პაექრობა. მეორე, დღეს მათ აქვთ განსაკუთრებული მოტივაცია, ისინი არიან გლობალური „ომის პარტიის“ წევრები და აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რადიკალიზაციით ხელი შეეწყოთ, რომ საქართველო რაღაცნაირად ქცეულიყო მეორე ფრონტად. ეს იყო ახალი მოტივაცია, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.