ირაკლი კობახიძე - პლასტიკის მოხმარებასთან  დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს
ირაკლი კობახიძე - პლასტიკის მოხმარებასთან  დაკავშირებულია ბევრი დაავადების მომრავლება, მიიღება გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს

პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას არ სურს, დააზარალოს ბიზნესის ინტერესები, ასევე არ სურს ფასების ზრდა, შესაბამისად, მიიღება დაბალანსებული გადაწყვეტილება, რომელიც დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და, მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს.

„ამ თემაზე მუშაობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. გვქონდა კომუნიკაცია შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და დავპირდი, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით მათთან საბოლოო კონსულტაციებს. ჩვენ გვაწუხებს ამ საკითხის ყველა ასპექტი – ერთ მხარეს არის გარემოსდაცვითი ინტერესები, მეორეა ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები. პლასტიკის მოხმარებასთან არის დაკავშირებული ძალიან ბევრი დაავადების მომრავლება, მათ შორის არის ონკოლოგიური დაავადებები, ნაყოფთან დაკავშირებული დავადებები, სხვადასხვა კატეგორიის ნევროლოგიური დაავადებები. თუმცა, ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური ასპექტები, ბიზნესის ინტერესები და ჩვენ უნდა მივიღოთ დაბალანსებული გადაწყვეტილება. ახლა არის მიღებული მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილება და ველოდებით სექტორთან კონსულტაციებს. ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება. დრო ბევრია, ძირითადი გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილია 2027 წლის პირველი თებერვლიდან. ერთი წლის განმავლობაში, შეიძლება, გადავავადოთ, შეიძლება, შევცვალოთ. აბსოლუტურად ღია ვართ. ჩვენ არ გვინდა, დავაზარალოთ ბიზნესის ინტერესები, არც ფასების გაძვირება გვინდა პროდუქტებზე. შესაბამისად, ის გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანების ჯანმრთელობას, გარემოს და, მეორე მხრივ, ბიზნესის ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.