ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად
ირაკლი კობახიძე - პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ, ფუნდამენტური გარდატეხა მოხდა ქვეყანაში როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში.

მისივე თქმით, ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში იყო მშვიდობის და სუვერენიტეტის ათი წელიწადი.

„სამი დღის წინ ათი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის პირველ ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება. მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში. გახსოვთ, საქართველოში იყო ჩამოყალიბებული უმძიმესი რეჟიმი, დანაშაულებრივი, ავტორიტარული, რომლისთვისაც ადამიანის ღირსების, უფლებების შელახვა იყო პრაქტიკულად ყოველდღიური პრაქტიკა. ფეხქვეშ იყო გათელილი ეს უზენაესი ღირებულებები. ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, გადავსებული ციხეები – ეს იყო წინა ხელისუფლების ხელწერა. ბიზნესის რეკეტი, ესეც მათი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაშაული იყო, რასაც ისინი ყოველდღიურ რეჟიმში სჩადიოდნენ. მთლიანად მოშლილი იყო დემოკრატიული სისტემა, ქვეყანას ჰქონდა სრულიად დამახინჯებული კონსტიტუცია, ქვეყანას ჰქონდა სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ კონტროლირებული და მართული სასამართლო სისტემა, მედიამონოპოლია. იჭრებოდნენ ტელევიზიებში, ჩამოაყალიბეს სრულად მონოპოლიზებული მედიაგარემო და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთის ფედერაციას. ასევე ჩააბარეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები. მათ პერიოდში მოხდა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და სრულად გაჩერდა წინსვლა დასავლური ინტეგრაციის მიმართულებით.

ასევე გახსოვთ, რომ წინა ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, ევროსაბჭოს რეზოლუციას, რომლითაც პრაქტიკულად გაუფორმეს ოკუპაცია რუსეთის ფედერაციას და საკუთარი ჯარი დაადანაშაულეს აგვისტოს ომის დაწყებაში. ამ ღალატს, ბუნებრივია, ქართველი ხალხი მათ არასოდეს აპატიებს და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რატომაც ისინი ვერც ერთ არჩევნებში ვერ აღწევენ წარმატებას 2012 წლიდან მოყოლებული.

ასევე, შეგახსენებთ, რომ მათი ხელისუფლების პირობებში საქართველოში სიღარიბის მაჩვენებელი 30 პროცენტს აჭარბებდა, 1 150 000 ადამიანი საქართველოში ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და არ იყო შექმნილი არავითარი ქმედითი სოციალური გარანტიები საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს იყო მდგომარეობა, რომელიც ჩვენ დაგხვდა 2012 წლისთვის და მას შემდეგ, როგორც უკვე ვთქვით, იყო ფუნდამენტური გარდატეხა როგორც დემოკრატიული განვითარების მიმართულებით, ასევე ყველა სხვა სფეროში.

კერძოდ, აღმოიფხვრა ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების ხელყოფის სისტემური პრაქტიკა, მხოლოდ ციხეებში ორნახევარჯერ შემცირდა პატიმრების რაოდენობა, 12-ჯერ შემცირდა პატიმრების სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ეს ყველაფერი მეტყველებს იმ პრაქტიკაზე, რაც ადრე იყო ჩამოყალიბებული და იმაზე, თუ როგორ შეიცვალა ეს ყველაფერი. აღმოიფხვრა ბიზნესის რეკეტის სისტემური პრაქტიკა, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, რაზეც მხოლოდ სტატისტიკაც ძალიან ცხადად მეტყველებს. ჩამოყალიბდა პოლიტიკური პლურალიზმი, პრაქტიკულად რამდენიმე ოპოზიციური დეპუტატი იყო წარმოდგენილი იმდროინდელ პარლამენტში, მაშინ, როდესაც დღეს ათზე მეტი პოლიტიკური პარტია არის საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი. მედიაპლურალიზმი იყო სიახლე, რომელიც ჩამოყალიბდა 2012 წლიდან.

რაც შეეხება ტერიტორიების ოკუპაციას, რუსეთის წინსვლა საქართველოში გავლენების გაფართოების კუთხით, მთლიანად გაჩერდა 2012 წელს, ნულოვანი წინსვლა ტერიტორიების ოკუპაციის კუთხით, არაღიარების პოლიტიკა იყო ძალიან წარმატებული და ოთხი ქვეყანა დარჩათ ოთხად. სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მიყიდვის არც ერთი პრეცედენტი არ ყოფილა მას შემდეგ. ორი გლობალური კრიზისის მიუხედავად, ეკონომიკა 2012 წელს იყო 27 მილიარდი და წელს უკვე გადასცდება 70 მილიარდს. ანუ აქაც გვქონდა ფუნდამენტური წინსვლა. მარტო ბოლო ორი წლის განმავლობაში 4 200 დოლარიდან 6 000 დოლარამდე გაიზრდება ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკური მაჩვენებელი.

სიღარიბეს რაც შეეხება, უკვე შემცირდა გასული წლის მაჩვენებლები 30 პროცენტიდან 17.5 პროცენტამდე. ეს ნიშნავს, რომ 450 ათასზე მეტი ჩვენი მოქალაქე ამოვიდა სიღარიბიდან და ეს მაჩვენებელი ნახევარ მილიონს გადასცდება ამ წლის ბოლოს. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი.

ბოლოს, ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას, ჩვენ გვქონდა მშვიდობის ათი წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის ათი წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად. რა თქმა უნდა, სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ ათი წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის პირველ ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წევრი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული ათი წლის განმავლობაში.

გვჯერა, ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ასევე ჩვენს აფხაზ, ოს ძმებსა და დებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში.