ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევის შესახებ ინფორმაციაზე - ფეიკნიუსს დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხი უნდა ჰქონდეს
ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის არჩევის შესახებ ინფორმაციაზე - ფეიკნიუსს დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხი უნდა ჰქონდეს

ეს არის თავის დროზე რაღაცის გადასაფარად წამოწყებული სპეკულაციები, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვას „ტვ პირველის“ ეთერში.

მისი თქმით, საუბარი იმაზეც იყო, თითქოს 20 ივნისს უნდა გამართულიყო პარტიის ყრილობა, რაც წარმოუდგენელია.

„ეს არის სპეკულაციები, რომლებიც თავის დროზე წამოწყებული იქნა რაღაცის გადასაფარად. არ მახსოვს, რაღაც პრობლემა ჰქონდა მაშინ ოპოზიციას და ამის გადასაფარად შემოიტანეს ეს თემა. როგორც ჩანს, მერე მოეწონათ და დატოვეს. ასე აკეთებენ ხოლმე ხშირად და მერე რჩება ეს თემები. საუბარი იყო იმაზეც, თითქოს 20 ივნისს უნდა გამართულიყო პარტიის ყრილობა, რაც წარმოუდგენელია, ფეიკნიუსს დამაჯერებლობის მინიმალური ხარისხი უნდა ჰქონდეს, ხომ? როცა ამბობ, რომ ორ და ხუთ დღეში ყრილობა გაიმართება, ის მაინც უნდა იცოდე, რომ ყრილობას სჭირდება თავისი მომზადება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მას აქვს კონკრეტული ამოცანა, რომელიც დაისახა იმ გადანაწილებიდან გამომდინარე, რაზეც გუნდი შეჯერდა.

„მე ვარ პარტიის თავმჯდომარე, ჩემი ფუნქციაა კოორდინაციის უზრუნველყოფა პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა და არჩევნებისთვის პარტიის სათანადოდ მომზადება. ეს არის ისეთი ფუნქცია, რომლის შესრულებაზე მუშაობას იწყებენ დაახლოებით ერთი წლით ადრე, რაც მე დაწყებული მაქვს და ასეთ დროს ცვლილება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ირაკლი ღარიბაშვილი მე დავასახელე. ფორმალურადაც ეს იყო ჩემი კომპეტენცია და რეალურადაც მე დავასახელე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.