ირაკლი კობახიძე - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღზე ჯერჯერობით არ შემოგვხმიანებიან, ალბათ კომუნიკაცია იქნება
ირაკლი კობახიძე - პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღზე ჯერჯერობით არ შემოგვხმიანებიან, ალბათ კომუნიკაცია იქნება

საქართველოს პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური ანგარიშით გამოსვლის თარიღთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

როგორც პირველი არხის კითხვის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია ჯერჯერობით არ ყოფილა.

„პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯერჯერობით არ შემოგვხმიანებიან. ალბათ, კომუნიკაცია იქნება და პრეზიდენტის გამოსვლის თარიღზე ამის საფუძველზე მარტივად შევჯერდებით. როგორც წესი, ეს არის საგაზაფხულო სესიის პირველივე სასესიო დღე, თუმცა პრაქტიკა გვაქვს, როდესაც ანგარიშის მოსმენა პრეზიდენტის თხოვნით სხვა დროს ტარდება ხოლმე“, – განაცხადა კობახიძემ.

მიმდინარე საპრეზიდენტო ვადის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წელს ბოლოჯერ წარდგება. რაც შეეხება ქვეყნის პირველი პირის მიერ ანგარიშის წარდგენის ფორმატს, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც შესაძლოა, ფრაქციების თავმჯდომარეთა გამოსვლები ან პოლიტიკური დებატები გაიმართოს, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილებას პარლამენტის ბიურო ღებულობს.

პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე გასულ წელს, 7 აპრილს წარდგა და ყურადღება მის მიერ წარმოებულ კამპანიაზე „კონსტიტუცია ყველასია“, ასევე, პრეზიდენტის არჩევის წესსა და პარლამენტის ადგილსამყოფელზე გაამახვილა.

პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო.