ირაკლი კობახიძე -პარლამენტის შენობასთან აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული
ირაკლი კობახიძე -პარლამენტის შენობასთან აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მოსაზრებით, საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის მართული.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი კობახიძე ზაზა სარალიძის მოთხოვნას გამოეხმაურა და ყურადღება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზე გაამახვილა.

„ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” აქცია, რომელიც პარლამენტის წინ იმართება. პროკურატურამ საქმეზე კონკრეტული დასკვნა დადო. სამწუხაროდ, სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის ვინაობა 100 პროცენტიანი სიზუსტით ვერ დადგინდა. ამის შემდეგ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომელმაც
მიზნად ამ პირის დადგენა განსაზღვრა და კომისიის სამთვიანი მუშაობა ისე დასრულდა, რომ ამ პირის ვინაობა კომისიამაც ვერ დაადგინა. კითხვა ისმის, თუ პროკურატურის მიმართ ეჭვები ჰქონდათ, რომ შეიძლება ხელს აფარებდნენ და მკვლელის ვინაობა ამიტომ არ დადგინდა, იგივე კითხვები „ევროპული საქართველოს“ და სერგი კაპანაძის მიმართ რატომ არ აქვთ, რომელმაც საგამოძიებო პროცესი თავის თავზე აიღო? რეალურად, პროკურატურისა და კომისიის მუშაობა ერთი და იმავე შედეგით დასრულდა. სერიოზულ ეჭვებს ბადებს ის, რომ ერთის მიმართ კითხვები და ეჭვები არსებობს, რომ ვიღაცამ ვიღაცას ხელი დააფარა და იგივე ეჭვები „ევროპულ საქართველოსთან“ და კომისიასთან მიმართებაში არ არსებობს. თქვენ სასამართლო პროცესი და მასთან დაკავშირებული მოვლენები გახსოვთ. ერთადერთი პრეტენზია იმაში მდგომარეობდა, პროკურატურამ და სასამართლომ მკვლელის ვინაობა რატომ ვერ გაარკვიეს. დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობიდან სამი თვე გავიდა და იგივე შედეგი დადეს. მკვლელის ვინაობა მათაც ვერ გაარკვიეს, მაგრამ პრეტენზიები იქ იყო და აქ – არა. ბუნებრივია, ეს ეჭვებს ბადებს და აშკარად ჩანს, რომ ამ ყველაფერს, ამ პროტესტს პოლიტიკური კონტექსტი აქვს. პროცესები „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარიმართება. ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ამ აქციებზე 10-15 ადამიანის მეტი არ მოდის, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ სახალხო მხარდაჭერა არ აქვს. შესაბამისად, მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ რაიმე სახის ფართომასშტაბიანი პროტესტი უზრუნველყონ. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა ამას არანაირი ობიექტური საფუძველი არ აქვს”, – განაცხადა კობახიძემ.