ირაკლი კობახიძე - პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, სუსტი და არაეფექტური იყო, ახლა ეს სწრაფად იცვლება
ირაკლი კობახიძე - პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, სუსტი და არაეფექტური იყო, ახლა ეს სწრაფად იცვლება

საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არის ბოლო წლებში, 2012 წლის შემდეგ, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდგომ, მკაცრი დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგი,-ამის შესახებ საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო დემოკრატია სამთავრობო ინსტიტუტების და მათი ურთიერთქმედების რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა.

„ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მოვახდინეთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება თითქმის ორი წლის წინ და წარმატებულად დავასრულეთ ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ.

პარლამენტის გაძლიერება ამ ფართო პოლიტიკური რეფორმის ცენტრია. საქართველოს პარლამენტი იყო ქართული დემოკრატიის აკვანი, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული კონკურენცია ეხმარებოდა ჩვენს ერს, შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე, განევითარებინა დემოკრატიული პარტიები.

თუმცა, საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს, რომ იყოს შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური და ადეკვატური სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კაბინეტი და სამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც. ოპოზიციას გაუფართოვდა თავისი შესაძლებლობები, კონტროლი და მათ აქვთ საშუალება, გამოძიებები ჩაატარონ სპეციალურ ჯგუფებში, კომისიებში პარლამენტში და კონსტიტუციის წინა რედაქციით მხოლოდ უმრავლესობას ჰქონდა ამის უფლება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არის პროცედურა, ეს არის დამატებითი გარანტიები საპარლამენტო ზედამხედველობისა.ზედამხედველობა უფრო და უფრო მარტივდება. წინა კონსტიტუციის პირობებში, ეს ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რომ პარლამენტს თავისი ნება გამოეხატა და უკმაყოფილება გამოეთქვა მთავრობის მიმართ. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა. პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს მოეთხოვებათ, რომ დაესწრონ საკომიტეტო სხდომებს, წარმოადგინონ ანგარიში პარლამენტის წინაშე და ამის მოთხოვნა შეეძლება არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობას, ოპოზიციას. თითოეული მინისტრი იქნება პასუხისმგებელი მიმართოს პარლამენტს მინისტრის საათის ფორმატში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ყველა ასპექტში შესაძლებლობების გაძლიერებით, მათ შორის, პარლამენტის აპარატის ტრენინგებით და მატერიალური რესურსის გაძლიერებით

„გარდა ამ ნორმატიული ცვლილებებისა, პარლამენტი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ყველა ასპექტში შესაძლებლობების გაძლიერებით, მათ შორის, პარლამენტის აპარატის ტრენინგებით და მატერიალური რესურსის გაძლიერებით. ბოლოს, მინდა, ხაზი გავუსვა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების და დონორების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ ცვლილებების განხორციელებაში. ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის და იმედს გამოვთქვამ რომ ჩვენი ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.