ირაკლი კობახიძე  - ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა, მიუხედავად ამისა, ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით
ირაკლი კობახიძე  - ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა, მიუხედავად ამისა, ფართო რეგიონსა და ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით

ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ ოთხი მცდელობა და, ამ ყველაფრის მიუხედავად, ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2021, 2022, 2023 წლებში 9.8% იყო სამი წლის საშუალო ეკონომიკური ზრდა, ხოლო მიმდინარე წლის ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ია.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში გამოვიარეთ რევოლუციის, „ნაცმაიდნის“ ოთხი მცდელობა, ეს ხომ ფაქტია. 2022 წლის ივნისში იყო „ნაცმაიდნის“ მოწყობის პირველი მცდელობა, არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყო პირველი მცდელობა, როცა გარედან დაფინანსებული „ენჯეოები“ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და თვითონ მოსვლა ხელისუფლებაში, მინისტრები უნდა გამხდარიყვნენ „ენჯეოშნიკები“. შემდეგ იყო 2023 წლის გაზაფხულზე „ნაცმაიდნის“ მოწყობის მეორე მცდელობა, 2024 წლის გაზაფხულზე იყო მესამე და ახლა ვიხილეთ ჩავარდნილი „ნაცმაიდნის“ მეოთხე მცდელობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ამ ოთხი წლის განმავლობაში გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 9.8%, წინა სამი წლის იყო 9.8% და წლევანდელი საშუალო ათი თვის არის 10% ეკონომიკური ზრდა. ანუ ფართო რეგიონსა და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ეკონომიკური ზრდით. ოთხი წლის განმავლობაში იყო „ნაცმაიდნის“ მოწყობის ოთხი მცდელობა და ამ ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ევროპაში ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისა და საერთო პოლიტიკის დამსახურებით, მათ შორის, იმის დამსახურებით, რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა. 9.8% იყო სამი წლის საშუალო ზრდა, 2021, 2022, 2023 წლების და ამ წლის საშუალო ათი თვის მაჩვენებელი არის 10%-იანი ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ამხელა ზრდა არ აქვს არავის, ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში 40 მლრდ ლარით გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა, რაც არის საოცარი შედეგი. ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის, სწორი მენეჯმენტის, მშვიდობისა და სხვა მოვლენების დამსახურება ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად „ნაცმაიდნის“ ოთხი მცდელობისა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი იყო ისიც, რომ ლარს შეჰქმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შეჰქმნოდა პრობლემები, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

„რაც შეეხება ლარის კურსს, ოთხივე „ნაცმაიდნის“ პირობებში იყო მოკლევადიანი რყევა და შემდეგ ლარი დაუბრუნდა თავის პირვანდელ ნიშნულს. რატომ? რადგან აქაც ვმუშაობთ ძალიან აქტიურად, ეროვნული ბანკი იდეალურად მუშაობს, როცა საქმე ეხება ლარის კურსის სტაბილურობას. ესეც იყო რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი მიზანი, რომ ლარს შეჰქმნოდა პრობლემები, ეკონომიკას შექმნოდა პრობლემები, თუმცა ვერ მიაღწიეს. ეს რადიკალიზმი რომ არ იყოს ქვეყანაში, ბუნებრივია, კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა ეკონომიკური ზრდა, ევროპაში პირველ ადგილზე ისედაც ვართ“, – განაცხადა პრემიერმა.