ირაკლი კობახიძე – ორი რეგიონის ოკუპაციის, უსაფრთხოების გამოწვევების პირობებში პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც, — ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დიპლომატის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს.
„გილოცავთ დიპლომატის დღეს! საქართველოს ისტორია დიპლომატიის ძალიან მდიდარ ტრადიციას ინახავს. საუკუნეების განმავლობაში, ურთულეს გარემოში საქართველოსთვის დიპლომატია გადარჩენისა და წინსვლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იყო და ასეა დღესაც. სიმბოლურია, რომ დიპლომატის დღე დიდი საზოგადო მოღვაწისა და გამორჩეული დიპლომატის — სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება. სწორედ სულხან-საბას სახელს ატარებს მთავარი ჯილდო, რომელიც გადაეცემათ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებისთვის. საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის, აკაკი ჩხენკელის სახელობის ჯილდოთი კი აღიარებულია დიპლომატის წვლილი სამსახურის გამართულ საქმიანობაში. წინასწარ ვულოცავ დღევანდელ ლაურეატებს დამსახურებულ აღიარებას. ორი რეგიონის ოკუპაციისა და უსაფრთხოების ურთულესი გამოწვევების პირობებში თანმიმდევრული, პრაგმატული და ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს იცავს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით, რომელთა შორის ძლიერი დიპლომატიური სამსახური საკვანძო როლს ასრულებს“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.