ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავადაც იცოდნენ, რა მოხდა შოვში, ამიტომ მაქსიმალურად გაურბოდნენ ადგილზე ჩასვლას, რათა სპეკულაციებისთვის სივრცე დაეტოვებინათ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა თავადაც იცოდნენ, რა მოხდა შოვში, ამიტომ მაქსიმალურად გაურბოდნენ ადგილზე ჩასვლას, რათა სპეკულაციებისთვის სივრცე დაეტოვებინათ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს რეალურად არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ, მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ.

კობახიძის თქმით, დაინტერესების შემთხვევაში, ისინი შოვში ჩავიდოდნენ და ადგილზე გაეცნობოდნენ ვითარებას.

„რაც შეეხება თვითონ შოვში ჩასვლის თემას, რაზეც ჩვენი კოლეგები საუბრობენ, ვინც ნამყოფია შოვში სტიქიის შემდეგ, ყველა დამეთანხმება, რომ ადგილზე როცა ეცნობი ვითარებას, აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა გექმნება მთლიანად ყველაფერთან დაკავშირებით. თუ მათ ჰქონდათ რეალური ინტერესი, მიეღოთ სრულფასოვანი ინფორმაცია შოვში სტიქიის შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, სულ მცირე, თვითონ უნდა ჩასულიყვნენ სტიქიის შემდეგ ადგილზე. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ არანაირი ინტერესი არ ჰქონდათ. ერთი, რომ საერთოდ არ აინტერესებთ არც ქვეყანა, არც რაჭა და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რაჭველი დეპუტატები გვყავს ოპოზიციიდან პარლამენტში, არცერთი მათგანი არ ჩასულა შოვში. არავითარი ინტერესი, არავითარი სიყვარული, არაფერი. ამას თავი დავანებოთ, ის მაინც ხომ უნდა გქონდეს შემდეგ სათქმელად, რომ ჩავედი ადგილზე, ეს ვნახე და ამიტომ ასე მგონია და არა ისე, ხომ? ესეც კი არ გააკეთეს. თავადაც იცოდნენ ყველაფერი, რა მოხდა იქ. ამიტომ მაქსიმალურად გაურბოდნენ ადგილზე ჩასვლასაც, რათა საკუთარი თვალით არ ენახათ ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპეკულაციებისთვის საფუძველი გამოეცლებოდათ. სწორედ იმიტომ არ ჩავიდნენ შოვში, რომ სპეკულაციებისთვის მაქსიმალურად სივრცე დაეტოვებინათ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.