ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თითოეული ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული, შესაბამისად, პირდაპირ ჩანს, რომ მათ ევროპა არ უნდათ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის თითოეული ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული, შესაბამისად, პირდაპირ ჩანს, რომ მათ ევროპა არ უნდათ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის თითოეული ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული, შესაბამისად, პირდაპირ ჩანს, რომ მათ ევროპა არ უნდათ.

„ერთ-ერთი მთავარია დეპოლარიზაცია, რაც ევროკომისიის რეკომენდაციებში პირველ პუნქტად არის გამოტანილი. ხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან პირველივე წუთებიდან ირღვევა ეს ერთადერთი ვალდებულება, რაც მათთვის არის გაცხადებული. პირიქით, დამატებით ცდილობენ პოლარიზაციის გაღვივებას და ამ დოკუმენტს იყენებენ იმისათვის, რომ პოლარიზაცია გააღრმავონ, რაც არის პირდაპირ მიმართული იმ ინტერესის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, ვის აინტერესებს, ევროპა და არა, ეს ნათლად ჩანს, თუ ადამიანი დააკვირდება, რეალურად ვის რა ინტერესი აქვს, ეს ნათლად იკვეთება ქმედებებიდან. ოპოზიციის თითოეული ნაბიჯი პოლარიზაციისკენ არის მიმართული. შესაბამისად, პირდაპირ ჩანს, რომ მათ ევროპა არ უნდათ“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობაზე განაცხადთან დაკავშირებით გადაწყვეტილებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დაბალია ალბათობა, რომ კომისიისა და საბჭოს გადაწყვეტილებები ერთმანეთს აცდეს.

„რაც შეეხება ჩვენს ნაბიჯებს, საბჭოს გადაწყვეტილება 99 პროცენტით თანხვედრაში იქნება იმ დასკვნასთან, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში ბევრი ვერაფერი გაკეთდება, თუმცა ძალისხმევა არ იქნება დაშურებული რომ მაქსიმალური გაკეთდეს – კომუნიკაცია იქნება ევროპელ კოლეგებთან. გადაწყვეტილებამდე ცოტა დროა დარჩენილი და დაბალია ალბათობა იმის, რომ კომისიისა და საბჭოს გადაწყვეტილებები ერთმანეთს აცდეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.