ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა ძალიან მძაფრია და არ აქვთ ახლა ის პოზიცია, რომ ამ რიტორიკით ისაუბრონ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მხრიდან რიტორიკა ძალიან მძაფრია და არ აქვთ ახლა ის პოზიცია, რომ ამ რიტორიკით ისაუბრონ

ოპოზიცია თუ არ გაგვცემს დადებით პასუხს ჩვენ შეთავაზებაზე, რომელიც საკმაოდ რაციონალური და კომპრომისულია, ამ შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დარჩება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გრძელდება და ხელისუფლება ელოდება მათ მიერ დაყენებულ შეთავაზებაზე პასუხს.

„გვქონდა მოლაპარაკებები, კონკრეტული შეთავაზება გაკეთდა ოპოზიციის მიმართ და ველოდებით მათ პასუხს. თუ ისინი არ გაგვცემენ დადებით პასუხს ჩვენს შეთავაზებაზე, რომელიც ვფიქრობთ საკმაოდ რაციონალური და კომპრომისულია, ამ შემთხვევაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დარჩება სისტემა, რომელიც დღეს მოქმედებს. ჩვენ ულტიმატუმი არ დაგვიყენებია, არც თეა წულუკიანს დაუყენებია ულტიმატუმი, მან თქვა ის, რაც რეალობაა. ეს არ არის ულტიმატუმი. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ მაქსიმალურად ზომიერები რიტორიკაში და ვცდილობთ მათგან განსხვავებით არ ვუწოდოთ კლოუნები ჩვენს ოპონენტებს, რიტორიკა ოპოზიციის მხრიდან ძალიან მძაფრია და არ აქვთ ახლა ის პოზიცია, რომ ამ რიტორიკით ისაუბრონ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.