ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, მხარს არ დავუჭერთ, მათი ერთადერთი მიზანია, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, მხარს არ დავუჭერთ, მათი ერთადერთი მიზანია, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა

ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება, პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებთ. გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან.

„ოპოზიციამ გუშინ ბიუროზე დაარეგისტრირა ინიციატივა იმის თაობაზე, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია უნდა გაფართოვდეს თუ არა და გინტურის მკვლელები უნდა დაემატოს თუ არა სიას, ამ მიმართულებით და დეოკუპაციაზე იქნება თუ არა პარტნიორებთან მუშაობა და „ქართული ოცნება“ მხარს დაუჭერს თუ არა. ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც ეხება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, პრინციპულ პოზიციას ვაფიქსირებთ. გვაცადონ იმ პოლიტიკის წარმოება, რომელსაც შედეგად აქვს ის, რომ რუსეთს არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა ჩვენი ხელისუფლების პირობებში, განსხვავებით წინა ხელისუფლების პერიოდისგან. გვაცალონ ასეთი პოლიტიკის წარმოება, ეს არის ჩვენი პრინციპული მოთხოვნა.

პროვოკაციებს რაც შეეხება, ძალიან მკაცრად მოვუწოდებ „ნაცმოძრაობას“, პროვოკაციისგან თავი შეიკავონ. გახსოვთ პროვოკაციები, რომლებიც უკავშირდებოდა კირბალის, მერეთის თემას და ასე შემდეგ. პროვოკაციების საბოლოო შედეგია ის, რომ აგრესორებმა მოკლეს ჩვენი ერთ-ერთი მოქალაქე. თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ეს არის მინიმოდელი იმისა, რაც მათ დიდ მასშტაბში სურთ. მათ სურთ, უფრო მსხვილი პროვოკაციებით მივიდეთ მეორე ფრონტამდე და რაც მოხდა კირბალში, საბოლოო ჯამში, ეს არის მინიმოდელი. ერთი პროვოკაცია, მეორე, მესამე – კაცი დაიღუპა, აგრესორებმა მოკლეს ჩვენი თანამოქალაქე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.

„ჩვენს პოზიციას რაც შეეხება ოკუპაციასთან, აგრესიის ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად პრინციპულია და ამას დამატებითი მტკიცება, დადასტურება არ სჭირდება. რაც შეეხება ოპოზიციის დოკუმენტებს, რომლებიც ეხება საგარეო პოლიტიკას, ოკუპაციას და ასე შემდეგ, ჩვენ ჯერ კიდევ ორი თუ სამი წლის წინ ვთქვით, რომ არცერთ მათ დოკუმენტს პრინციპულად არ დავუჭერთ მხარს. ზოგადად, საგარეო კუთხით, ოკუპაციის კუთხით მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაციებში, პრობლემებში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ოპოზიციის არცერთ ინიციატივას, რომელიც ეხება ოკუპაციას ან საგარეო პოლიტიკას, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.