ირაკლი კობახიძე - ოპოზიციასთან კონსულტაციები მრავალმანდატიან ოლქებზე გადაერთო, ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი კონსტიტუციასთან
ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში, – აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, საარჩევნო სისტემის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები გაიმართება,
„ჩვენ ანგარიში გავუწიეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც მოგვმართეს შესაბამისი თხოვნით ამ კონსულტაციების გამართვასთან დაკავშირებით, მიუხედევად იმ დესტრუქციისა, რომელსაც ვხედავთ ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურ რეჟიმში. ეს დესტრუქცია, რასაც მოიცავს, ყველამ კარგად ვიცით. ეს არის, მაგალითად, ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები, რაც ყოველდღიურ რეჟიმში გვესმის კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერების მხრიდან. ასევე ვხედავთ ბლოკირების მცდელობას, იაფფასიან პერფორმანსებს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში იდგმება, აგრესიულ რიტორიკას ვისმენთ. მიუხედავად ამ დესტრუქციული და კონტრპროდუქტიული მოქმედებებისა, რომლებიც ხორციელდება ოპოზიციის მხრიდან, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს ოპოზიცია თავისი დესტრუქციით, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომელთაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და სწორედ ამ მოტივით არის ნაკარნახები მათი მოწოდება კონსულტაციების გაგრძელების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან ისაუბრა ოპოზიციის მხრიდან თავიდან შემოთავაზებულ ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც მისივე განმარტებით, ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას.
„ეს არის ერთუცნობიანი განტოლება, რომელიც კაზუსის სახით განიხილება პირველი კურსის პირველ ლექციაზე სტუდენტებთან . სამწუხაროა, რომ ასეთ მარტივ კაზუსთან დაკავშირებით მსჯელობა გვიწევს უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ პოლიტიკური კულტურა საქართველოში განვითარებას საჭიროებს. ცალსახად არაკონსტიტუციურია ეს მოდელი. სწორედ ამ საფუძვლით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ არ გაგვეგრძელებინა ამ საკითხის განხილვა. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი ოპოზიციის მხრიდან საქართველოს პარლამენტში. ამასთან დაკავშირებითაც იყო დისკუსია. აპარატმა მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო – დარეგისტრირდა ეს კანონპროექტი და ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ ღიმილისმომგვრელი განცხადებები იმის თაობაზე, რომ თითქოს აპარატში გაიარა ამ დოკუმენტმა კონსტიტუციურობის ტესტი. ოპოზიცია, რომელიც ერთმანეთში ურევს საქართველოს პარლამენტის აპარატს და საქართველოს საკონსტიტუციო სასმართლოს, ბუნებრივია, ვერ იქნება რაიმე პოლიტიკური ხაზის განმსაზღვრელი ქართულ პოლიტიკაში. ეს აჩვენებს მათი იურიდიული განათლების დონეს ისევე, როგორც გერმანული მოდელის შეთავაზება. მათი განცხადება, რომ თითქოს პარლამენტის აპარატი და მისი იურიდიული დეპარტამენტი არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, მიმანიშნებელია იმის, რომ მათი იურიდიული და პოლიტიკური კვალიფიკაციის დონე არის ძალიან დაბალი, რაც ძალიან სამწუხაროა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება ძლიერი ოპოზიცია, რომელიც, მისივე მოსაზრებით, თანდათან ჩამოყალიბდება.
„ბოლოს გადაერთო კონსულტაციები მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე. ეს ინიციატივა არის სრულად თავსებადი საქართველოს კონსტიტუციასთან და აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონსულტაციების დაწყების თაობაზე. დანარჩენს გვიჩვენებს კონსულტაციები. ეს საკითხი განიხილება გუნდში, უმრავლესობის შიგნით და ამის შემდეგ შეჯერებული პოზიციით წარვდგებით ოპოზიციის წინაშე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს კონსულტაციები საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.