ოპოზიციას ანტიკრიზისული გეგმის გაკრიტიკება გაუჭირდა, რადგან ის არ ტოვებს საბაბს არათუ ომახიანი, არამედ ზოგადად, კრიტიკისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, გეგმა კომპლექსურია და შედგება, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ნაწილისგან.
„თქვენ დაინახეთ, რომ ოპოზიციას ამ გეგმის ომახიანად გაკრიტიკებაც კი გაუჭირდა. ამას აქვს ძალიან მარტივი მიზეზი, მიზეზი არის ის, რომ ეს გეგმა არათუ საფუძველს, საბაბსაც კი არ ტოვებს ომახიანი კრიტიკისთვის და ზოგადად კრიტიკისთვის. ეს გეგმა არის ძალიან კომპლექსური. ზოგადად, გეგმა შედგება, როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური ნაწილისგან. ჩვენ მოვისმინეთ ასევე ერთ-ერთი კომენტარი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მხოლოდ სოციალურია გეგმის შინაარსი. ეს უბრალოდ სიცრუეა, გამომდინარე იქიდან, რომ დაახლოებით მილიარდი აქვს დათმობილი ამ პაკეტში სამ მილიარდ-ნახევრიდან სოციალურ დახმარებას, ორი მილიარდი ემსახურება სწორედ ეკონომიკის სტიმულირებას, რასაც საბოლოო ჯამში სოციალური ეფექტი უნდა ჰქონდეს.
ჯამში, მილიარდზე მეტი იხარჯება სოციალურ დახმარებებზე, ორ მილიარდზე მეტი იხარჯება ეკონომიკის სტიმულირებაზე და 350 მილიონი ლარი მოემსახურება ჯანდაცვის მიზნებს, კერძოდ ეპიდემიასთან ბრძოლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მთლიანობაში, პაკეტი არის ძალიან დიდი თავისი მოცულობით და არის რაციონალურად გადანაწილებული თითოეულ კომპონენტზე.
„კომპონენტი არის არაერთი, ათზე მეტი კომპონენტისგან შედგება მთლიანად ეს პაკეტი და თითოეული ეს კომპონენტი მიზანმიმართულად ემსახურება იმას, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპი შენარჩუნდეს გარკვეულ დონეზე, ყოველ შემთხვევაში მინიმალური ზიანი მიიღოს ეკონომიკამ იმ პრობლემებიდან რაც არის დაკავშირებული „კოვიდთან“. ასევე, ემსახურება იმას, რომ მაქსიმალურად გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა. ზედმიწევნით კარგად არის გააზრებული თითოეული ეს პუნქტი. ასევე, უნდა აღინიშნოს ის, რომ საქართველოს მთავრობამ და ფინანსთა სამინისტრომ შეძლო უპრეცედენტო დიდი სახსრების მობილიზება ამ მიზნების მისაღწევად, არის საუბარი სამ მილიარდ დოლარზე, რომლის მობილიზება მოხერხდა სწორედ მთავრობისა და ფინანსთა სამინსიტროს ყოველდღიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ მიმართა ოპონენტებს, შეადარონ საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნებს და ნახავენ, რომ დახმარება არის უპრეცედენტო.
„შეადარონ საქართველოს მონაცემები სხვა ქვეყნების მონაცემებს და ნახავენ, რომ რეალურად, ჩვენი დახმარება არის ნამდვილად უპრეცედენტო ყველა მიმართულებით. ჩვენ მივიღეთ კრედიტები, ჩვენ მივიღეთ გრანტები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ასევე, ჩვენი მთავარი პარტნიორებისგან, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ევროკავშირი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები. ამ დახმარების მოცულობა არის ნამდვილად უპრეცედენტო და ეს არის სწორედ ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი.
ნაცვლად ზოგადი ფრაზებისა, მათ მოგვაწოდონ მონაცემები და მონაცემები სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ ჩვენს მიერ მოზიდული სახსრები არის უპრეცედენტო. ეს გვაძლევს ჩვენ ამ პაკეტის რეალიზების საშუალებას. დამატებით ზომების ამის მიღმა კიდევ ზომების მიღების შესაძლებლობას და ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ იმ დანაკლისის შევსების შესაძლებლობას, რომელიც გაჩნდება ბიუჯეტში ეპიდემიიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, წარდგენილი გეგმა მაქსიმალურად პასუხობს ყველა გამოწვევას.
„თუმცა ჯერ ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა, როგორი იქნება პანდემიის გავრცელების დინამიკა, როგორი იქნება ქვეყნის შიგნით ეპიდემიის გავრცელების დინამიკა. ამის შესაბამისად, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ბუნებრივია მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით, თუ რა ახალი საჭიროებები გაჩნდება, ამ პაკეტის მოცულობა გაიზრდება. ჩვენ გვაქვს მოზიდული სამი მილიარდი დოლარი. დღევანდელი პაკეტი ითვალისწინებს სამ მილიარდ-ნახევარი ლარის ხარჯვას სწორედ სოციალური და ეკონომიკური მიზნებისათვის. ამის მიღმა, როდესაც გაჩნდება დამატებითი საჭიროებები და ამას გვიჩვენებს ბუნებრივია, უახლოესი კვირები, ამის მიხედვით იქნება მიღებული ახალი ეკონომიკური და სოციალური ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეპიდემიის წინააღმდეგ აქამდე გადადგმული ნაბიჯები იყო ოპტიმალური და ასევე გაგრძელდება.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ იყო მუდმივი, ყოველდღიური კოორდინაცია ინსტიტუტებს შორის. მთავრობა არის წამყვანი ამ პროცესში, როგორც აღმასრულებელი ორგანო. თუმცა, ჩვენ გვქონდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია, კომუნიკაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის. პარლამენტარები, ლიდერები პარლამენტიდან იყვნენ ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული იმ საქმიანობაში, რაც დაკავშირებული იყო ეპიდემიასთან ბრძოლაში. როგორც წმინდა ჯანდაცვის ნაწილში ასევე, ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილში. ეს პაკეტი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის და კოორდინაციის საფუძველზე იქნა შემუშავებული. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულის ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ამ მიმართულებით იყო აბსოლუტურად ოპტიმალური. შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებულია ჩვენი პოლიტიკა ამ კუთხით და ამას აქვს სათანადო საერთაშორისო დაფასება და შეფასებაც. შესაბამისად, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ აქამდე გადადგმული ნაბიჯები იყო ოპტიმალური, იყო სწორი და სწორედ ასევე ვგეგმავთ ხვალაც და ზეგაც მუშაობის გაგრძელებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.