ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა შანსი, მხარი დაეჭირა 2020 წლისთვის სრულად პროპორციული სისტემისთვის
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციამ ხელიდან გაუშვა შანსი, მხარი დაეჭირა 2020 წლისთვის სრულად პროპორციული სისტემისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი საქართველოს სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისათვის. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში, კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აქედან გამომდინარე მიანიჭა პარტიამ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას.

„ზოგადად, ნებისმიერ საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ბუნებრივია, ასეთია პროპორციული სისტემაც და დეტალებში აქ აღარ შევალ. მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი, სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისთვის, უმჯობესია, არსებითად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ​სრულად პროპორციული სისტემა არც ერთი არ არის. ყველა სისტემის პირობებში მოქმედებს, მაგალითად, ბარიერი, რაც ნიშნავს, რომ გადახრა პროპორციულიდან ყველა შემთხვევაში ასეთ დროს ფიქსირდება. მაგრამ, არსებითად პროპორციული სისტემა არის მნიშვნელოვანი, რათა პლურალიზმის ხარისხი იყოს მაღალი და პარტიების დაბალანსებული წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი ქვეყნის ძირითად საკანონმდებლო ორგანოში. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავიდანვე, როდესაც განვიხილავდით საკონსტიტუციო რეფორმას, მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება პროპორციული სისტემის სასარგებლოდ. მაშინაც იყო სურვილი, რომ იმთავითვე ამოქმედებულიყო პროპორციული საარჩევნო სისტემა, მაგრამ როგორც აღინიშნა, მაშინ სამწუხაროდ, შიდა წინააღმდეგობის გამო და ვისგან მოდიოდა ეს შიდა წინააღმდეგობა, დეტალებში მე არ შევალ, ამ წინააღმდეგობის გამო ვერ მოხერხდა უკვე 2020 წლისთვის ამ სისტემის ამოქმედება. ასევე შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ გაუშვა მაშინ ხელიდან შანსი, აქ იგულისხმება ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ჯამში ფლობდნენ საკმარის ხმებს, რათა დაებალანსებინათ ის დანაკლისი, რომელიც ჰქონდა უმრავლესობას. მათ რომ დაეჭირათ მაშინ მხარი პროპორციული სისტემისთვის 2020 წელს, ეს სისტემა ამოქმედდებოდა. თუმცა მათ თქვეს უარი. საუბარია იმ ორ პოლიტიკურ პარტიაზე, რომელიც კარგად იცით და შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. ჩვენ გადაწყვეტილება მაინც არ შევცვალეთ, თუმცა მოგვიწია 2024 წლიდან სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის ამოქმედება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ტრადიციულად, მმართველი პარტია ყოველთვის მომხრეა მაჟორიტარული სისტემის, თუმცა „ქართული ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით.

„პარტიების ინტერესებს რაც შეეხება, ყველა პარტიას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი. ტრადიციულად, მმართველ პარტიას ყოველთვის ჰქონდა სუბიექტური ინტერესი, რომ დარჩენილიყო შერეული სისტემა, რადგან სუბიექტურად, მათემატიკურადაც, მას აძლევს უპირატესობას პარლამენტში მანდატების განაწილების დროს. ოპოზიციურ პარტიებს სუბიექტურად, ყოველთვის აქვთ ინტერესი, რომ სისტემა იყოს პროპორციული, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი მანდატების რაოდენობა იზრდება. მაგრამ ჩვენ არ უნდა ამოვიდეთ სუბიექტური ინტერესებიდან, უნდა ამოვიდეთ ქვეყნის ობიექტური ინტერესებიდან და მე პირადად მიმაჩნია ძალიან მყარად, რომ არსებითად პროპორციული საარჩევნო სისტემა არის უკეთესი ჩვენი ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარებისათვის, სწორედ აქედან გამომდინარე მივანიჭეთ უპირატესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი