ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საერთოდ მოშლილია, ერთმანეთს აგინებენ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებითაც კი, არის „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთა - „სირცხვილია“, მეორე ფრთა არის ხაბეიშვილი და სხვები
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია საერთოდ მოშლილია, ერთმანეთს აგინებენ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებითაც კი, არის „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთა - „სირცხვილია“, მეორე ფრთა არის ხაბეიშვილი და სხვები

ამ აქციების ორგანიზატორებს ექნებათ არეულობის მცდელობა, მაგრამ მათ აქვთ ნულოვანი რესურსი, რადგან საზოგადოება ძალიან მარტივად მიჯნავს, ვის უნდა მშვიდობა და ვის ქაოსი, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ კვლევები ჩაატარა, სადაც გამოიკვეთა საზოგადოების განწყობა, რომ მოქალაქეებს ნამდვილად არ სურთ არავითარ სცენარში მონაწილეობა.

„მათ შორის, საინტერესო ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა უმეტესობაც კი ამბობს, რომ მათ არც ერთ სცენარში და არც ერთ აქციაში არ უნდა მონაწილეობის მიღება. დღეს საზოგადოება და მათ შორის, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ „ნაცმოძრაობის“ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი აფასებს სიმშვიდეს და მშვიდობას, რომელიც დღეს არის ჩვენ ქვეყანაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, ხელისუფლება არის ერთიანი და შესაბამისად, გამორიცხულია, ვინმეს შეცდომის, თუ დანაშაულის გამო პროცესები არასწორად წარიმართოს.

„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაძლევს სიმყარის საფუძველს – საზოგადოების განწყობა და ასე შემდეგ“, – განაცხადა კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, ოპოზიცია საერთოდ მოშლილია.

„ოპოზიცია საერთოდ მოშლილია, თავიდან ბოლომდე და ერთმანეთს აგინებენ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებითაც კი. არის „ნაცმოძრაობის“ ერთი ფრთა – „სირცხვილია“, მეორე ფრთა არის ხაბეიშვილი და სხვები და ერთმანეთს აგინებენ. აქ რეალურად, არის პოლიტიკური კონკურენცია „ნაცმოძრაობის“ შიგნით. აქეთ არის ხაბეიშვილი, იქით მაქარაშვილი, ერთმანეთში რაღაცებს ვერ იყოფენ, ყველას ლიდერობა უნდა და ეს არის ძალიან მარტივი სურათი, რომელიც აჩვენებს, რომ „ნაცმოძრაობა“ არის მთლიანად მოშლილი პარტიის შიგნით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.