ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია, ომის პარტია თავისი შინაარსით არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია, ომის პარტია თავისი შინაარსით არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება

ოპოზიცია, ომის პარტია თავისი შინაარსით არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება და ხასიათი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ცხრა წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეასუსტეს და ტერიტორიების 20 პროცენტი რუსეთს ჩააბარეს.

„თქვენ ნახეთ, ორი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე პოლიტიკური ლიდერი, საუბარია გვარამიაზე, თავს დაესხა ორ სხვადასხვა ელჩს, ამ შემთხვევაში, ეს იყო გერმანიის ელჩი, მანამდე სხვა ელჩზე ჰქონდა მას თავდასხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს ოპოზიცია, ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას. ეს არის მათი ბუნება, ხასიათი და მათი საქმეც ზუსტად ამას ეფუძნება. მათი საქმე იყო ის, რომ მაქსიმალურად შეასუსტეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ ცხრა წლის განმავლობაში, ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარეს რუსეთს. აღარ გავიმეორებ ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს ამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. ეს არის უბრალოდ ამის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძეს კითხვა დაუსვეს გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „სამხედრო დაზვერვის ყოფილი უფროსი მიმართავს „ოცნებას“, საქართველომ „სუ-25“ უკრაინას გადასცეს“, რაზეც კობახიძემ განაცხადა:

„გეუბნებით, ეს არის ომის პარტია. ჩვეულებრივი გაგრძელება ამ ყველაფრის. ომის პარტიას უნდა საქართველოში ომი. ძალიან მარტივად არის საქმე. „სუ“-ების გადაცემა, მოხალისეების გაგზავნა, ელჩის გაწვევა და ა.შ, ეს ყველაფერი არის ომის პარტიის განზრახვის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში 13 მაისს განაცხადა, რომ „დარწმუნებულია, გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა მოუწევს საკუთარი დედაქალაქის წინაშე“.