ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გაექცა პარლამენტში დებატებს, რადგან პასუხების ეშინიათ
ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია გაექცა პარლამენტში დებატებს, რადგან პასუხების ეშინიათ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის მიზანი ოყო, ოპოზიციას 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრისთვის კითხვების დასმისა და პასუხების მიღების საშუალება ჰქონოდა.

მისივე თქმით, მოსმენას აზრი ეკარგება, როცაა ოპოზიცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები და არ აინტერესებს პასუხები.

კობახიძე მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

„ვახტანგ გომელაური პარლამენტში მოვიდა, რათა პასუხები გაეცა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებზე. ჩვენ ისედაც გვაქვს საშუალება, ვახტანგ გომელაურს, რომელიც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრია, კითხვები დავუსვათ. ბუნებრივია, ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვსვამდით კითხვებს შინაგან საქმეთა მინისტრთან და ვიღებდით მისგან პასუხებს, ბუნებრივია, ამის საშუალება გვაქვს მომავალში.

სხდომის მიზანი იყო, რომ ოპოზიციას ჰქონოდა კითხვების დასმის და პასუხების მიღების საშუალება. როდესაც ოპოზიცია აჩვენებს, რომ მას არ აქვს კითხვები და არ აინტერესებს პასუხები, ასეთ დროს, ბუნებრივია, მოსმენას აზრი ეკარგება, შესაბამისად, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული სხდომის დასრულებასთან დაკავშირებით.

ეს არის ამორალური პროტესტი, რომელიც მართულია კონკრეტული პარტიის და ამ პარტიის კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. სამწუხაროა, რომ რიგითი ჟურნალისტებიც ჰყავთ ამ პროტესტში ჩართული, როდესაც ხდება მანიპულირება ისეთი თემებით, რომელზეც არ შეიძლება მანიპულირება და სპეკულირება, ეს არის ამორალური ქმედება. მთელი ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ ამ ამორალურ ქმედებებს, რაც ძლიან მალე დასრულდება, ამის შემდეგ აღდგება ნორმალურ რეჟიმში ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რატომ ვერ შეძლო შსს-მ 5 ივლისს ჟურნალისტების დაცვა, კობახიძის განმარტებით, ამ თემაზე მმართველ გუნდს ჰქონდა დისკუსია შინაგან საქმეთა მინისტრთან და დღეს საინტერესო იქნებოდა, კითხვებზე პასუხები საპარლამენტო ფორმატში მოესმინათ.

„ზუსტად ამას გაექცა ოპოზიცია, გამოაჩინა, რომ მას ეშინია კითხვების დასმის და პასუხების მიღების. იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც მე მაქვს, ობიექტური მიზეზები ჰქონდა იმას, რომ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ინციდენტების აღკვეთა, მაგრამ კარგი იქნებოდა, ოპოზიციასაც დაესვა ეს კითხვები. მე მაქვს ამაზე ჩემი ინფორმაცია, რის საფუძველზეც ჩემს დასკვნას ვიყალიბებ, მაგრამ კარგი იქნებოდა, ამ ფორმატში ოპოზიციას დაესვა კითხვები, თუმცა ისინი ამას გაექცნენ, სწორედ იმის გამო, რომ პასუხების ეშინიათ, სწორედ ამიტომ გაექცნენ დისკუსიას და ამ დებატებს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.

პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას თქმით, დღევანდელ სხდომას დახურულად აცხადებს, რადგან პოლიტიკური ჯგუფების მიზანი არ იყო სხდომის ჩატარება და კითხვების დასმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტი უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, საკანონმდებლო ორგანოში ვახტანგ გომელაურის მისვლას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლა დაიწყო გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ოჯახისთვის მისამძიმრებით, რა დროსაც ოპოზიციის წარმომადგენლები ტრიბუნასთან მივიდნენ. მათ თან ჰქონდათ ლექსო ლაშქარავასა და წითლად გადახაზული პრემიერის ფოტოები.

გარდა ამისა, დარბაზში ბანერები გაშალეს მედიის წარმომადგენლებმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური შესვენება რამდენჯერმე გამოაცხადა.