ირაკლი კობახიძე - ნულოვან ბარიერს გრძელვადიან რეჟიმში თუ დავტოვებთ, ძალიან დიდი რისკია, რომ არასტაბილურობისთვის არაჩვეულებრივი წყარო შევქმნათ
ირაკლი კობახიძე - ნულოვან ბარიერს გრძელვადიან რეჟიმში თუ დავტოვებთ, ძალიან დიდი რისკია, რომ არასტაბილურობისთვის არაჩვეულებრივი წყარო შევქმნათ

ნულოვან ბარიერს გრძელვადიან რეჟიმში თუ დავტოვებთ, ძალიან დიდი რისკია, რომ არასტაბილურობისთვის არაჩვეულებრივი წყარო შევქმნათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება პროცესები სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის, განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში. ბოლო შემთხვევა არის ისრაელი, სადაც ორი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, ვითარება ჯერ კიდევ გაურკვეველია და შეიძლება, კიდევ ერთი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბარიერიც იყო, რადგან ისრაელში 2,25-პროცენტიანი ბარიერი მოქმედებს, რაც საკმაოდ დაბალია. გრძელვადიან პერსპექტივაში პლურალიზმთან ერთად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის სტაბილურობის განსაზღვრული ხარისხის უზრუნველყოფა და სწორედ ამას ემსახურება 5-პროცენტიანი ბარიერი. ჩვენ ვიხელმძღვანელეთ საუკეთესო პრაქტიკით, როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაში 5-პროცენტიანი ბარიერი დავადგინეთ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ უნდა დაბრუნდეს 5-პროცენტიანი ბარიერი 2024 წელს, თუ ნულოვანი ბარიერით პარტიებს განვითარების შესაძლებლობა ექმნებათ.

საქართველოს პირველი არხის ანალიტიკოსის, ალექსანდრე ცაგარელის შეკითხვაზე, რამდენად ადეკვატურია ოთხი წელი იმისთვის, რომ მცირე ზომის პარტიებმა განვითარება ისე შეძლონ, 5-პროცენტიანი ბარიერი დაძლიონ, რამდენად ადეკვატურია 5 პროცენტი და პროპორციული სისტემის მიუხედავად, ხომ არ მივდივართ ძირითადად, ორპარტიული სისტემისკენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მინუს-პლუსები ნებისმიერ სისტემას, ბარიერს აქვს და მსჯელობა თითოეულზე შეიძლება, მაგრამ მთავარია, სერიოზული რისკის ქვეშ არ დადგეს ქვეყნის და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობა.

„ამ კუთხით, რაც უფრო დაბალია ბარიერი, მათ შორის, თუნდაც, 3-პროცენტიანი ბარიერი რომ ავიღოთ, მით უფრო მაღალია არასტაბილურობის რისკი და ჩვენ სწორედ ამით ვიხელმძღვანელეთ, როცა 5-პროცენტიანი ბარიერი დავადგინეთ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში ბუნებრივი ბარიერით შევლენ, მათ ორი შანსი აქვთ. ერთი შანსი ის არის, რომ საპარლამენტო პლატფორმის გამოყენებით საკუთარი სოციალური, ელექტორალური გავლენა გაზარდონ. ამ შემთხვევაში, მათ შეეძლებათ, ჯერ შედარებით მცირე მხარდაჭერა მიიღონ და შემდეგ უკვე 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაზე იფიქრონ, ან მეორე ვარიანტია – თუ ორი-სამი წლის თავზე დაინახავენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი არ აქვთ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, კონსოლიდაციაზე უნდა იფიქრონ. ანუ, ორიდან ერთ-ერთი არჩევანი უნდა გააკეთონ იქედან გამომდინარე, თუ როგორია მათი პოლიტიკური პერსპექტივა. ეს ყველაფერი მათ რაციონალურ განსჯაზე იქნება დამოკიდებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.