ირაკლი კობახიძე - ნინო ქადაგიძის არჩევის გადაწყვეტილება კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ
ირაკლი კობახიძე - ნინო ქადაგიძის არჩევის გადაწყვეტილება კეთილსინდისიერებისა და კვალიფიკაციის კრიტერიუმების საფუძველზე მივიღეთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კეთილსინდისიერება და კვალიფიკაცია არის ის ორი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ნინო ქადაგიძის არჩევის გადაწყვეტილება მიიღო.

„ნინო ქადაგიძე არის კომპეტენტური მოსამართლე. თავის დროზე მან ის პროცედურა გაიარა, რაც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან. მისი კვალიფიკაცია მაშინ შემოწმდა და პარლამენტმა ამის საფუძველზე გადაწყვეტილება მიიღო უზენაესი სასამართლოს წევრად მისი არჩევის თაობაზე. ჩვენი გადაწყვეტილება კონკრეტულ ობიექტურ კრიტერიუმებს ეფუძნება, რაც არის მისი კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება. ეს ის ორი კრიტერიუმია, რის საფუძველზეც გადაწყვეტილება მივიღეთ“ ,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციას ნებისმიერ კანდიდატზე იგივე პოზიცია ექნებოდა და მათი ბოიკოტი მოულოდნელი არ ყოფილა.

„წინასწარ ვიცოდით, რომ რომელი კანდიდატურაც არ უნდა წარმოედგინა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ოპოზიცია ყველას მიმართ იგივე პოზიციაზე ექნებოდა. ეს არ იყო გასაკვირი და მოულოდნელი“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნინო ქადაგიძის კანდიდატურას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარეს კენჭი. ქადაგიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა, რომლებიც პოლიტიკურ ბოიკოტს აგრძელებენ.