ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ
ირაკლი კობახიძე - ნინო ლომჯარიაც აჩვენებს, რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ

სახალხო დამცველს და დანარჩენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებს აქვთ ერთი და იგივე დღის წესრიგი, მათ ერთადერთი მიზეზით უნდათ, რამენაირად სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანა. არანაირი რეალური საფუძველი ამას არა აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, სამოქალაქო საავადმყოფოსთან რადიკალური გეგმების აღსრულება ბევრად მარტივია.

„რაც შეეხება სახალხო დამცველის და სხვა „ნაციონალების“ განზრახვას, მიზეზი არის, რომ სამოქალაქო საავადმყოფოსთან ბევრად მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომელიც გუშინაც ვიხილეთ. ჩვენ ვსაუბრობდით მათ რევანშისტულ განზრახვებზე, რასაც არ უწერია აღსრულება, ნინო ლომჯარიაც აჩვენებს, თუ რატომ არ შეიძლება არც ერთი თანამდებობის მიცემა „ნაცმოძრაობისთვის“, რადგან ამ ყველაფერს სიცრუისთვის იყენებენ. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილის გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით შესაბამისი უწყება გაავრცელებს დეტალებს.

„რაც შეეხება სააკაშვილის გადაყვანას და მის დეტალებს, რა თქმა უნდა, მე როგორც პარტიის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერი, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. შესაბამისი უწყება დეტალებთან დაკავშირებით გაავრცელებს ინფორმაციას, გააკეთებს დეტალურ განმარტებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.