ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაურმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 35 წლისთავი მიულოცა და მეგობარ სომეხ ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა უსურვა.
„ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას ასევე მიულოცა არჩევნებში გამარჯვება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოსა და სომხეთს შორის სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაესვა მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს, რომელიც სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო თუ კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობების კუთხით კონკრეტულ შედეგებში გამოიხატება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე და დაადასტურეს მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას“, – აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და გაერო-სთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე დაესწრნენ.