ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება დღეს ევროკავშირის ოფისიდან, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ
ირაკლი კობახიძე - ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება დღეს ევროკავშირის ოფისიდან, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს „ნაციონალური მოძრაობის“ ბინძურ პროვოკაციებზე აყოლა არ სჭირდება.

კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმადაც: „დღევანდელი ინციდენტი მოხდა იმის გამო, რომ თქვენ და თქვენი კოლეგები „ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად ადანაშაულებდით და ამბობდით, რომ დმანისში რაც მოხდა, ოპოზიციის პროვოკაციის შედეგია. რატომ მიგაჩნიათ ასე?“.

„სამწუხაროდ, თქვენ იმეორებთ იმ ბინძურ ტყუილს, რითაც დაიწყო მელიამ დღევანდელი პროვოკაცია. მან განაცხადა, თითქოს „ქართული  ოცნება“ ამბობდა, რომ თვითონ „ნაცმოძრაობამ“ დაჭრა ეს პირი. ეს არის სირცხვილი, ეს არის სიბინძურე. ჩვენ ამ სიბინძურეს მიჩვეული ვართ როგორც ნიკანორ მელიას, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან, ასევე „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების მხრიდან. ეს არის ზუსტად ის, რაც არ სჭირდება საქართველოს და არ სჭირდება ჩვენს საარჩევნო გარემოს. თქვენს მიმართ ჩემი პირადი რჩევა იქნება, ასეთ ბინძურ ტყუილებს, რაც თქვა მელიამ, ნუ გაიმეორებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მისვლას, კობახიძის თქმით, პროვოკაციებზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. თუმცა, კობახიძის განცხადებით, „ნიკა მელია ევროკავშირის ოფისიდან გაიპარება, როგორც იპარება ხოლმე ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ“.

„რაც შეეხება მელიას უსაფრთხოების საკითხებს, ოფისს როგორ დატოვებს და ა.შ. მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდი გარემო, არავის არ სჭირდება პროვოკაციებზე პასუხი. აქედან გამომდინარე, ჩემი მოწოდება როგორც დღეს, ასევე შემდეგი დღეების განმავლობაში, არის ერთადერთი, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვქონდეს რეაქცია ჩვენ ასეთ პროვოკაციებზე. ნიკანორ მელია ასეც და ისეც გაიპარება დღეს ოფისიდან, გაიპაროს, ეს არის მისი არჩევანი, როგორც იპარება ხოლმე ის ნებისმიერი პროვოკაციის შემდეგ. ეს არის მისი დღის წესრიგი. ჩვენ მშვიდად უნდა განვაგრძოთ მზადება ამ არჩევნებისთვის. 2 ოქტომბერს იცით, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. ჩვენ გვჭირდება ერთადერთი სიმშვიდე, რაც არ სჭირდება სწორედ რადიკალურ ოპოზიციას, მათ შორის ნიკანორ მელიას, მათ სჭირდებათ პროვოკაციები, ინციდენტები, არეულობა. ნუ მივცემთ მათ ამის საშუალებას. ეს არის ჩემი მოწოდება დღეს, ეს არის ჩემი მოწოდება შემდეგი  დღეებისთვის 2 ოქტომბრის ჩათვლით, და რა თქმა უნდა, 2 ოქტომბრის შემდეგაც. პროვოკაციებზე პასუხი არის ის, რაც სჭირდება პროვოკატორს. შესაბამისად, როგორც დღეს, ასევე შემდეგი დღეების განმავლობაში მოვუწოდებთ ყველა ჩვენს მხარდამჭერს, აქტივისტს, ნებისმიერ ადამიანს, რომლისთვისაც შეიძლება, ძალიან მძიმე საყურებელი იყო დღევანდელი პროვოკაცია. ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. ყველას მოვუწოდებ, არავითარი რეაქცია არ მივცეთ თუნდაც ასეთ ბინძურ პროვოკაციებს. დღეს, ამ მაგალითზე ვიხილეთ, თუ რას აკეთებენ ისინი ზოგადად, როდესაც იწვევენ ჩვენს მხარდამჭერებს. თქვენ თვითონ ნახეთ ბინძური სახე ამ პოლიტიკური ძალის და კონკრეტულად ნიკანორ მელიასი. ეს ხომ ძალიან მიუღებელია, მაგრამ მთავარია, მათი დღის წესრიგი ჩვენ არ უნდა გავაგრძელოთ. მათი დღის წესრიგია ასეთი პროვკაციების მოწყობა და რეაქციის მიღება ამაზე, მესმის რომ მძიმეა, მაგრამ ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ამ ყველაფრის რეაქციის  გარეშე დატოვება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, „რატომ გახდა საჭირო ევროკავშირის ოფისთან თქვენი მხარდამჭერების მობილიზება“, – კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თუ ვინმეს სურს რეაგირება ბინძურ პროვოკაციაზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ ბინძურ პროვოკაციას დაასხამს წყალს.

„პოზიცია ხომ ნათელია. თქვენ ნუ აჟღერებთ ნიკანორ მელიას და „ნაცმოძრაობის“ პოზიციას. გააჟღერეთ ის პოზიცია, რაც სჭირდება ქვეყანაში სიმშვიდეს. მე ვუსმენდი „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიების ეთერებს. ისინი ყოველწუთიერად აღვივებენ ზიზღს, სიძულვილს და თავისთავად აწყობენ პროვოკაციებს ეთერებში. ეს არის ზუსტად ის, რაც არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამაზე რეაგირება არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს არის ჩემი მოწოდება ჩვენი მხარდამჭერების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ევროკავშირის ოფისთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას შორის დღეს დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის დაწყებამდე ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე მედიასთან კომენტარებს აკეთებდნენ. ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ყველანი უნდა მივიდეთ არჩევნებზე, რომ ეს უტიფარი ადამიანი, რომელიც ახლა ჩემ გვერდით დგას, და რაღა დაგიმალოთ, ძალიან თავს ვიკავებ, რომ თქვენთან საუბრის ნაცვლად, ამ ადამიანს ახლა რასაც იმსახურებს, ის ვუთხრა. ადამიანი, რომელიც საუბრობს, თითქოს დმანისში პროვოკაცია ჩვენ მოვაწყვეთ, გესმით? ანუ, თურმე სასიკვდილო ჭრილობები მიიყენა ოპოზიციამ თავად, ამ მარაზმს უნდა დაესვას წერტილი“. ამის შემდეგ მელია კობახიძესთან მიიჭრა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

დატოვე კომენტარი