ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია აიღებს სულ მცირე ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, გახარია კი სულ მცირე ორჯერ ნაკლებს, ვიდრე მელია, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელზეც შეგვიძლია, 3 ოქტომბერს ვისაუბროთ
ირაკლი კობახიძე - ნიკა მელია აიღებს სულ მცირე ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, გახარია კი სულ მცირე ორჯერ ნაკლებს, ვიდრე მელია, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელზეც შეგვიძლია, 3 ოქტომბერს ვისაუბროთ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს არჩევნებს.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს მათ საჭიროებებზე ესუბრება, ოპოზიციიდან კი არავის პროგრამა არ აქვს წარმოდგენილი არც თბილისში და არც რეგიონებში.

„ყოვლად უინტერესო ინფორმაციებს როცა აქვეყნებენ და თვითონვე საუბრობენ ერთმანეთში იმაზე, რომ ეფექტი არ ჰქონდა მათ რაღაცა ქმედებებს, ტყუილ-მართალი რაღაცა გაავრცელეს, ყველაფერი იყო უინტერესო. თვითონვე საუბრობენ, რომ რა ეფექტთან დაკავშირებითაც ჰქონდათ  მოლოდინი, იმის მეასედი და მეათასედიც ვერ მიიღეს. რაც შეეხება თავად არჩევნების შედეგებს, რა განაპირობებს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს, მიზეზი მარტივია – „ქართული ოცნება“ დღეს არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხს ელაპარაკება იმაზე, რაც სჭირდება მათ, ვსაუბრობთ თბილისის განვითარებაზე, მუნიციპალიტეტების განვითარებაზე, რეგიონების გამვითარებაზე, თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გვაქვს წარმოდგენილი პროგრამა. ჩვენი კანდიდატები, თბილისში, რეგიონებში, თითოეულ მუნიციპალიტეტში ხვდებიან სოფელ-სოფელ, უბან-უბან, ქალაქ-ქალაქ, ესაუბრებიან მათ იმასთან დაკავშირებით, როგორ წარმოუდგენიათ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში განვითარება. რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალურს, არარადიკალურს, ყველას ერთად, არავინ არ ხვდება ხალხს, არავის საერთოდ პროგრამა არ აქვს წარმოდგენილი არც თბილისში, არც რეგიონებში. ეს არის მთავარი მიზეზი, რომელიც საბოლოო ჯამში განაპირობებს ჩვენთვის დადებით შედეგს. კიდევ ერთი ფაქტორი არის ისევ და ისევ ის, რომ ყველას ძალიან კარგად ახსოვს, რა არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკურ პარტიასთან ალიანსში არიან კონკრეტული სხვა პოლიტიკური დაჯგუფებები  და ა.შ. არავის არ უნდა დესტაბილიზაცია, ქაოსი, იმ მძიმე წარსულის დაბრუნება, რაც გვახსოვს 2012 წლამდე და ა.შ. ეს პოლიტიკური ძალები და ეს რევანში ბუნებრივია, საზოგადოებას არ უნდა. ეს ყველაფერი გახდება იმის წინაპირობა, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს ამ არჩევნებს. კიდევ ერთეხელ გავიმეორებ, მხოლოდ ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას იმაზე, თუ როგორ ვხედავთ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას, არავინ საუბრობს ამაზე“, – აღნიშნა კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

რაც შეეხება გადაცემის წამყვანის კითხვას, „თბილიის მერობისთვის საარჩევნო მარათონში გახარიას ჩართვის შემდეგ ცალსახად გამორიცხავთ დედაქალაქში მეორე ტურს?“, – კობახიძის განცხადებით, ნიკა მელია აიღებს სულ მცირე ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, გახარია კი სულ მცირე ორჯერ ნაკლებს, ვიდრე მელია.

„ისევ „ნაცმოძრაობის“ ჭანჭიკზე მისვამთ კითხვას. კიდევ ერთხელ შემიძლია, ციფრებთან დაკავშირებით კონკრეტული რამ გითხრათ. რაც შეეხება მეორე ადგილზე გამსვლელ კანდიდატს, ნიკანორ მელიას, ის აიღებს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე კახა კალაძე, რაც შეეხება ჭანჭიკს, გახარიას, ის აიღებს მინიმუმ ორჯერ ნაკლებ ხმას, ვიდრე ნიკანორ მელია, ეს არის ჩემი პროგნოზი, რომელზეც ჩვენ უკვე შეგვიძლია, 3 ოქტომბერს ვისუაბროთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ოპოზიცია არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება.

„ჩვენ წინა არჩევნებამდე ვამბობდით, რომ ოპოზიცია ემზადებოდა არა 31 ოქტომბრისთვის, არამედ პრველი ნოემბრისთვის და ეს ყველაფერი დადასტურდა იმ მოვლენებით, რომლებიც შემდეგ განვითარდა. ექვსთვიანი საბოტაჟი ვიხილეთ ჩვენ ამის შემდეგ. ჩვენ როცა ვამბობდით, რომ შაშკინი და მისი რაზმი არეულობისთვის ემზადებოდნენ, შემდეგ ვიხილეთ, პისტოლეტ გარჭობილი შაშკინი თავისი თანამზრახველებით არჩევნების დღეს როგორ დადიოდა კონკრეტულ რეგიონებში და ა.შ. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს ყოველთვის მართლდებოდა ხოლმე, რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი განცხადებები ყოველთვის კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნებოდა. ამ შემთხვევაშიც, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება არა 2 ოქტომბრისთვს, არამედ 3 ოქტომბრისთვის, ესეც კონკრეტულ ინფორმაციას ეფუძნება. რაც შეეხება რიტორიკას, ჩვენ საქმე გვაქვს ბოლშევიკებთან. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უტევენ სახელმწიფოს და ეკლესიას. სრული გარყვნილებაა, რასაც ვხედავთ ჩვენ მათი შესრულებით, მათი კუთვნილი ტელევიზიების შესრულებით. როდესაც შენი მთავარი ოპონენტი არის ბოლშევიკი, მას სჭირდება ზუსტად ისეთივე რიტორიკა, როგორც სჭირდებოდათ ბოლშევიკებს გასული საუკუნის 20-იან წლებში. ჩვენ 100 წლის წინანდელ წარსულში დაგვაბრუნეს, უბრალოდ 1921 წელს უროებით ებრძოდნენ ეკლესიას, დღეს უკვე სიტყვით ებრძვიან ისინი ეკლესიას. იგივე ხდება სახელმწიფოსთან მიმართებით. როდესაც შენი მთავარი ოპონენტები არიან ბოლშევიკები და მისი ბოლშევიკი სატელიტები, ამ შემთხვევაში რიტორიკაც უნდა იყოს შესაბამისი და საზოგადოების პასუხიც ბოლშევიზმის წინააღმდეგ უნდა იყოს ადეკვატური. დარწმუნებული ვარ, ამ პასუხს ჩვენ ვიხილავთ ერთად 2 ოქტომბერს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დატოვე კომენტარი