ირაკლი კობახიძე - ნებისმიერ ქვეყანაში სასურველია, ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა მთავარი პრობლემაა, რომ რადიკალური ოპოზიცია არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა
კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თუ პარტია „ნაცმოძრაობას“ რაც უფრო მეტი სუბიექტი გამოეყოფა, მით მეტი სუბიექტი დარჩება ბარიერს მიღმა და, საბოლოო ჯამში, მით ნაკლებ მანდატს მიიღებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პარლამენტში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირასთან“ საუბრისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე პარტიების დაშლა და ერთმანეთთან დაპირისპირება მმართველი პარტიის პოზიციებს უფრო გაამყარებს.
ამასთან, კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში ძლიერი ოპოზიციის არსებობა სასურველია, თუმცა საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას აგენტურა წარმოადგენს, რის გამოც მათი მაქსიმალურად დასუსტება მნიშვნელოვანია.
„კარგი პროცესი წარიმართება იმით, რომ იშლება პარტიები, ერთმანეთთან აქვთ დაპირისპირებები. ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება არჩევნებამდე. შესაბამისად, ისედაც მყარი პოზიციები გვაქვს ჩვენ საარჩევნოდ და დარწმუნებული ვართ, კიდევ უფრო გაამყარებს ეს პროცესი ჩვენს საარჩევნო პოზიციებს. სასურველია, ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიცია იყოს ძლიერი, თუმცა აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ რადიკალური ოპოზიცია არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა. სწორედ ამიტომ არის ჩვენთან განსაკუთრებული სპეციფიკა დაკავშირებული ოპოზიციასთან. სწორედ იმის გამო, რომ ეს არის არა ოპოზიცია, არამედ აგენტურა, მნიშვნელოვანია მისი მაქსიმალურად დასუსტება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.