ირაკლი კობახიძე - ნამდვილად დაიწერა ისტორია, სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა

დღეს გვაქვს განსაკუთრებული და ემოციური დღე, შესაბამისად, განსაკუთრებული სხდომა, – ასე დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძე მთავრობის დღევანდელი სხდომა.

ირაკლი კობახიძემ გუშინდელი გამარჯვება ყველას მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ გუშინდელი ისტორიული გამარჯვება, ისტორიული წარმატება ყველას, ჩვენ თანამოქალაქეებს, ემიგრანტებსა და, რაც მთავარია, ჩვენს ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვებას. გუშინ ნამდვილად ისტორია დაიწერა, ეს თამამად შეიძლება ითქვას. 30 წლის წინ დაიწყო ჩვენი ეროვნული ნაკრების ისტორია და 30 წლის თავზე ჩვენ პირველად მოვახერხეთ, შევძელით, გავედით უმაღლესი რანგის ტურნირზე, ევროპის ჩემპიონატზე, რაც არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი. სიტყვებით შეუძლებელია ამ ბედნიერებისა და სიამაყის განცდის აღწერა, რაც გუშინდელმა დღემ მოგვანიჭა და რამაც მთელი ქვეყანა გააერთიანა. მადლობა ისევ და ისევ ფეხბურთელებს, ჩვენი ეროვნული ნაკრებს წევრებს, რომლებმაც სული და გული ჩადეს გუშინდელ გამარჯვებაში, ასევე, სამწვრთნელო შტაბს, ვილი სანიოლის, ჩვენი საამაყო ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, ვიცე-პრეზიდენტებს, თითოეულ მათგანს. წლების მანძილზე იქმნებოდა ის წარმატება, რასაც ჩვენ, საბოლოო ჯამში, გუშინ მივაღწიეთ. მინდა, მივულოცო ისტორიული გამარჯვება ვეტერან ფეხბურთელებს, მათ ათწლეულების მანძილზე შექმნეს ეს გამარჯვება, ვულოცავ 13 მაისის გმირებს. მინდა, მივულოცო ნაკრების ყველა თაობის ფეხბურთელებს, თითოეული მათგანის წვლილი არის განსაკუთრებული, მათ მოიტანეს ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ გუშინ შევქმენით და მოგვიტანეს ჩვენმა ბიჭებმა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.