ირაკლი კობახიძე - ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი ან არის მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, ადამიანი თუ ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, ის იმსახურებს პატივისცემას 
ირაკლი კობახიძე - ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი ან არის მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ, ადამიანი თუ ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, ის იმსახურებს პატივისცემას 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ პირი ჩაირიცხება სხვა ქვეყნის თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ეს არის მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

კობახიძის თქმით, ეს არის ამ თემის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკური კუთხით საუბარი კი არ სურს.

„ვიღაც თუ მიდის საქართველოდან, ირიცხება, მაგალითად, უკრაინის თავდაცვის ძალებში, გამოდის, რომ ის ხდება უკრაინის მოქალაქე. მაგალითად, საქართველოში ვინმე რომ ჩაირიცხოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში, ის უნდა იყოს ამ ქვეყნის მოქალაქე. თავდაცვის ძალები, ძირითადად, უკავშირდება სუვერენიტეტს, არამოქალაქე რომ ჩაირიცხოს, არ მგონია, ასეთი რამ სადმე ხდებოდეს. ეს არის სამართლებრივი მხარე, პოლიტიკურად არ მინდა, შევიდე ამ თემაში. თავიდან ამბობდნენ, რომ არ ხდება თანხების სანაცვლოდ უკრაინაში ქართველების ჩაყვანა, თუმცა საბოლოოდ გამოაშკარავდა სხვა რამ და ახლა ამბობენ, რომ ამაში არაფერი განსაკუთრებული არ არის. საზოგადოებამ შეაფასოს ეს ყველაფერი. ნახევრად მოხალისეების არ მჯერა, ადამიანი არის ან მოხალისე, ან რაღაცას აკეთებს თანხის სანაცვლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, არიან თუ არა გმირები უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები. კობახიძის თქმით, გმირია ადამიანი, თუ ის ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის.

„რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ენთუზიაზმით არიან წასული უკრაინაში, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ მათ ენთუზიაზმს, როდესაც გულით სჯერათ, რომ იბრძვიან იდეისთვის. ვინც ფულის სანაცვლოდ აკეთებს ამას, რა თქმა უნდა, იქ კითხვის ნიშნებია და ეს ცალსახად შესაფასებელი მოვლენა არ არის. ამიტომ რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვინც ენთუზიაზმით იბრძვის იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს პატივისცემას. ადამიანი ენთუზიაზმით თუ იბრძვის იდეისთვის და ამ იდეას ეწირება, რა თქმა უნდა, ის გმირია. მაგალითად, ფულის გამოც შეიძლება, ვიღაც მიდიოდეს. იმედი მაქვს და მინდა, ამის რწმენა მქონდეს, რომ 34-ვე იდეით იბრძოდა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომელიც გუშინ გამოვლინდა, როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების მოძიება, უკრაინაში წაყვანა, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ რაღაც ზღვარი არის გასავლები და სჯობს, ეს ზღვარი თქვენც გაავლოთ. როდესაც ხდება კომერციული მიზნებით ადამიანების ომისთვის რეკრუტირება და აქედან კომერციული მოგების მიღება, ეს არის ერთი მხარე, როდესაც სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ენთუზიაზმთან, იდეასთან და ასე შემდეგ, ეს არის სხვა რამ. ამიტომ აქ უნდა გაივლოს ზღვარი“, – განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, თითოეული ქართველის დაღუპვა არის ტრაგედია.

„ჯერ ერთი, როდესაც ადამიანები იღუპებიან, ქართველები, თითოეული ქართველის დაღუპვა არის ტრაგედია. როდესაც  ვიღაცები  ამითიც კი სპეკულირებენ  და ამ ყველაფრს პოლიტიკური ქულებისთვის  იყენებენ, ეს არის სიბინძურე. მაგალითად, გუშინ რა პერფორმანსიც ჩაატარეს თავისუფლების მოედანზე, არის სიბინძურე. ეს ადამიანები სიბინძურეს ვერ მოიშლიან, მათი გამოსწორება არის შეუძლებელი. ამიტომ ჩვენ სიმშვიდით უნდა შევხვდეთ ამ ყველაფერს და სათანადოდ ვუპასუხოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.